დღეს, კონსერვატიული პარტიის ცენტრალურ ოფისში წინასწარი არჩევნების საორგანიზაციო კომიტეტის სხდომა გაიმართა. სხდომას ესწრებოდნენ კონსერვატიული პარტის, ხალხის პარტიის, „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვს" და "ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა კოალიციის" წარმომადგენლები.
კომიტეტმა განიხილა ინტერპარტიული კონსულტაციების დროს გამოთქმული შენიშვნები. განხილული იყო მათ შორის მრეწველთა პარტიის შენიშვნა იმის შესახებ, რომ პარტია, რომელიც მონაწილეობს თბილისის მერის პრაიმერში, ჰქონდეს საკრებულოს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის შესაძლებლობა. კომიტეტმა გაიზიარა შენიშვნა და პრაიმერის დებულებაში შეიტანა სათანადო ცვლილებები.
"გათვალისწინებული არის მრეწველთა პარტიის შენიშვნა და შესაძლებელი იქნება თბილისის მერის პრაიმერში მონაწილე პარტიებმა იმავდროულად არ მიიღონ მონაწილეობა საკრებულოს პრაიმერში", _ განაცხადა კონსერვატიული პარტიის ლიდერმა, კახა კუკავამ.
ერთობლივი სხდომაზე აგრეთვე განხილულ იქნა პრაიმერის ღონისძიებათა გრაფიკი და ბიუჯეტის პროექტი, რომელიც სავარაუდოდ კომიტეტის მომავალ სხდომაზე დამტკიცდება და გამოქვეყნდება.
საჯარო კონსულტაციები ოპოზიციურ პარტიებთან პრაიმერის დებულების შესწორებულ ვარიანტებთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში გაგრძელდება.