დღეს, 20 ოქტომბერს, დეპუტატები დიპლომატიურ მისიებისა და საერთაშორისო წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს სისხლის სამართლის ახალ საპროცესო კოდექსს გააცნობენ. პრეზენტაციას პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების თავმჯდომარეები გამართავენ.
სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსი პარლამენტმა 9 ოქტომბერს მიიღო.
ახალი კოდექსი აგებულია შეჯიბრებითობის, საჯაროობის, მხარეთა თანასწორობის, ბრალდებულის უფლებათა პატივისცემის პრინციპებზე. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ძირითად პრინციპს როგორც გამოძიების, ისე საქმის სასამართლოში განხილვის სტადიაზე მხარეებს შორის შეჯიბრებითობა წარმოადგენს. დოკუმენტის მიხედვით, მტკიცებულებათა მოპოვების, მოსამართლის წინაშე მათი წარდგენისა და შეფასების თვალსაზრისით ბრალდების და დაცვის მხარეები თანაბარ პირობებში დგებიან. მთავარი აქცენტი კეთდება შეჯიბრებითობის პრინციპზე დაყრდნობით ღია სასამართლო კამათის პირობებში განხილულ მტკიცებულებაზე. ახალი კოდექსის ერთ-ერთ სიახლეს წარმოადგენს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის არსებითი გარდაქმნა ჩვეულებრივ საგამოძიებო მოქმედებად. ამ სიახლის არსი მაქსიმალურად მკაცრი სასამართლო კონტროლის დაწესებაა ისეთ ღონისძიებებზე, რომელიც ყველაზე მეტად აღწევს ბრალდებულის პირად ცხოვრებაში, კერძოდ, ფარულ მოსმენა-მიყურადებაზე, ვიზუალურ კონტროლზე და სხვა ღონისძიებებზე. შეჯიბრებითობის პირობებში სასამართლოში მტკიცებულებათა გამოკვლევაზე გაკეთებული აქცენტის გათვალისწინებით, გაუქმებულია გამოძიების დროს მოწმის მიერ ჩვენების მიცემის სავალდებულოობა. გამომძიებელს, პროკურორს შეუძლია ნებისმიერი პირისაგან, ნებაყოფლობით საფუძველზე ინფორმაციის მიღება ჩადენილი დანაშაულის შესახებ, მაგრამ ამგვარი ნებაყოფლობითი გამოკითხვის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია საქმის არსებითი განხილვის დროს მტკიცებულებად არ მიიღება. მოწმე ვალდებულია, გამოცხადდეს და ჩვენება მხოლოდ სასამართლოში მისცეს. ახალი კოდექსით, დაზარალებული აღარ წარმოადგენს სისხლის სამართლის პროცესის მხარეს და იგი პროცესის მონაწილეა.
ძირითადი ცვლილება საპატიმრო ვადებსაც შეეხო. საგამოძიებო და სასამართლო განხილვის პირობებში, როდესაც პირის მიმართ დევნის დაწყებიდან მაქსიმუმ, 60 დღეში საქმე არსებითი განხილვისათვის სასამართლოს გადაეცემა, აღარ არსებობს წინასწარი და სასამართლო პატიმრობის განცალკევებული და განსხვავებული ვადების განსაზღვრის აუცილებლობა.
გირაოს მინიმალური ოდენობა, მოქმედ საპროცესო კოდექსთან შედარებით, განახევრებულია და 1000 ლარს შეადგენს. წინასასამართლო სხდომა სავალდებულოა ყველა სისხლის სამართლის საქმეზე და ტარდება ბრალდებულის მოსამართლესთან პირველი წარდგენიდან 60 დღის ვადაში. ახალი რედაქციის კოდექსის ერთ-ერთ უმთავრეს ნოვაციას წარმოადგენს ასევე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემოღება.
ახალი რედაქციის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შემუშავების პროცესში მონაწილეობა მიიღეს ევროსაბჭომ, ევროკომისიამ, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა, აშშ-ის იურისტთა ასოციაციამ, ბრიტანეთის საბჭომ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა.