კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ პროტესტის ნიშნად სასამართლო პროცესი დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება ხაზარაძემ მას შემდეგ მიიღო, რაც მოსამართლე ზვიად შარაძემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრების დაკითხვასთან დაკავშირებით.
"აქ დავდივარ არა იმიტომ, რომ ვენდობი ამ სასამართლოს, ამ სისტემას არ ვენდობი და მაქვს ამის საფუძველი. შეიძლება 1 წელი მომისაჯოთ, რასაც ეს მუხლი ითვალსიწინებს და დავდივარ მე, მაგრამ მეორე მხარე დაკითხვაზეც არ მოგყავთ, რომ ვკითხო, რა დავაშავე ამისთანა, რის საფუძველზე არ მივედი. ცალკარში თუ ფეხბურთია, მითხარით და საერთოდ აღარ მოვალ სასამართლოზე, მიიღეთ რა გადაწყვეტილებაც გინდათ. აქ იმიტომ კი არ დავდივარ, რომ რამის მეშინია და რაღაცის დამტკიცებას ვაპირებ. ძალიან გთხოვთ, მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება და მოისმინოს საზოგადოებამ წულუკიანის და კომისიის წევრების პოზიცია. თუ ამას არ გააკეთებთ, მაშინ წავალ და დამიჭირეთ, - განაცხადა ხაზარაძემ სასამართლო სხდომაზე.
მას შემდეგ, რაც ხაზარაძის სიტყვა მოისმინა მოსამართლე შარაძემ, თქვა, რომ არ დაკმაყოფილდებოდა დაცვის მხარის მოთხოვნა და არ დაიკითხებოდნენ მათ მიერ მოთხოვნილი პირები.
"მე დავტოვე სასამართლო, ამ სასამრთლოში მე საქმე აღარ მაქვს, რანაირი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღონ, ჩემთვის აბსოლუტურად სულერთია. არის რაღაც ზღვარი, რომლის იქითაც უნდა თქვა, რომ მე ამ სპექტაკლში, ამ ცირკში მონაწილეობას არ მივიღებ, საკმარისად გაიგო საზოგადოებამ, თუ ვისთან გვაქვს საქმე, ამიტომაც ვიარე ამდენი ხანი, - განაცხადა სხდომის დატოვების შემდეგ ხაზარაძემ.
შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძე პარლამენტში, დროებით საგამოძიებო კომისიაზე დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა.
ამის შემდეგ მას ბრალი წაუყენეს, სასამართლომ კი აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა.
მამუკა ხაზარაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.