დღეს, 11 ნოემბერს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ცნობილი ფრანგი ჯაზაკორდეონისტის, რიშარ გალიანოს კვინტეტის, "LA STRADA"-ს კონცერტი გაიმართება. ქართველ მსმენელს მუსიკოსთა ჯგუფი იტალიელი კომპოზიტორის, ნინო როტას კინომუსიკის ინტერპრეტაციას შესთავაზებს.
რიშარ გალიანო და კვინტეტ "LA STRADA"-ს წევრები საქართველოში დღეს ჩამოფრინდნენ. გალიანო თბილისს უკვე მეოთხედ სტუმრობს. პირველად ქართველმა მაყურებელმა მისი შემოქმედება 2006 წელს მოისმინა. მუსიკოები თბილისში 13 ნოემბრამდე დარჩებიან.
კვინტეტი LA STRADA დაკომპლექტებულია ისეთი მუსიკოსებით, როგორიცაა ცნობილი ბრიტანელი საქსოფონისტი ჯონ სურმანი, ნიუ-იორკის ცნობილი Mignus Big Band-ის ბასისტი ბორის კოზლოვი, თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური მუსიკოსი და კომპოზიტორი, ორი გრემის ნომინანტი დეივ დაგლასი და განსკუთრებული ნიჭიერებით გამორჩეული თანამედროვე ჯაზური მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პერკუსიონისტი კლარენს პენი.
მსოფლიოში პირველი ჯაზაკორდეონისტი რიშარ გალიანო ჯაზში ახალი სტილის შემქმნელია. მისი ინტერპრეტაციები ძირითადად ფედერიკო ფელინის ფილმ LA STRADA -ს მუსიკალურ თემებზე ვითარდება და გამდიდრებულია სახელგანთქმული კომპოზიტორის მიერ ფელინის სხვა კინოშედევრებისთვის შექმნილი ცნობილი თემებით.
თანამედროვე იტალიელი მუსიკოსი ნინო როტას წელს დაბადებიდან 100 წელი უსრულდება, ის მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი კომპოზიტორია. მისი მუსიკა ჟღერს ფედერიკო ფელინის, ფრანკო ძეფირელის ("რომეო და ჯულიეტა"), ლუკინო ვისკონტის ფილმებში ("როკო და მისი ძმები").