„არტისტერიუმის" ფარგლებში დღეს საფრანგეთიდან ოლივე დე საგაზანი „ტრანსფიგურაციას" წარადგენს. პერფორმანსი თბილისის ისტორიის მუზეუმში 17:00 საათზე მოეწყობა.
საერთაშორისო ფესტივალზე დღეს გალა გალერეაშიც გამოიფინება ოლეგ ტიმჩენკოს ნამუშევრები, სახელწოდებით - „პრიალა". ექსპოზიცია დღეს 19:00 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ თბილისის თანამედროვე ხელოვნების IV საერთაშორისო ფესტივალი 31 ოქტომბერს გაიხსნა და 12 ნოემბერს წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის მუზეუმში კონსტანტინე მინდაძის „ინტოქსიკაციები და ინსპირაციული ერორების" ჩვენებით დასრულდება.
ცნობისთვის, „არტისტერიუმის" ფარგლებში ექსპოზიციაზე 80 ხელოვანის ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი, მათ შორის 26 უცხოელის. ფერწერული და გრაფიკული ტილოების პარალელურად, გამოიფინება ინსტალაციები. ზოგიერთი ხელოვანი კი პერფორმანსს წარმოადგენს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პროექტის ორგანიზატორმა, მაგდა გურულმა განუცხადა, "არტისტერიუმი"დედაქალაქის თითქმის ყველა საგამოფენო სივრცეს მოიცვა. თუმცა ნამუშევრების უფრო მეტი ნაწილი ეროვნულ გალერეასა და ქარვასლაში იქნა წარმოდგენილი.
"პროექტის ფარგლებში 26 ჩამოსული უცხოელი მხატვარი სხვადასხვა სივრცეში განათავსებს თავის ნამუშევარს. აღსანიშნავია, რომ პროექტისთვის 18 ქვეყნიდან ჩამოვიდნენ და ისინი აღფრთოვანებული არიან ქართული კულტურით", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას მაგდა გურულმა.
ღონისძიების მხარდამჭერი და პარტნიორია კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.
"სახელმწიფო ყოველ წელს უწყობდა ხელს და ცხადია ახლაც გვერდით უდგას, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ამ გამოფენას მხარდაჭერა აქვს მრავალი საელჩოსგან - ამერიკის, ბრიტანეთის, ასევე, გოეთეს ინსტიტუტისა და მთელი რიგი საერთაშორისო ორგნიზაციებისგან", - აღნიშნა ხელოვნების და განათლების დეპარტამენტის უფროსმა, იამზე გვათუამ.