8 ნოემბერს, 14:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კამერულ დარბაზში დიმიტრი ბაშკიროვი ჩაატარებს მასტერკლასს ორ ახალგაზრდა, ქართველ პიანისტთან. მასტერკლასების შემდეგ იგი შეხვდება მუსიკალურ საზოგადოებას სხვადასხვა პროფესიულ საკითხზე სასაუბროდ.
საქართველოში დაბადებული, მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსი, გამოჩენილი პიანისტი და პედაგოგი რეგულარულად ატარებს მასტერკლასებს ზალცბურგში, ვენაში, ციურიხში, იერუსალიმში, ბაზელში, ჰელსინკიში, ლონდონში, ბერლინში, ლისაბონში, ვერბიეში, კომოში, ესენში, შანხაიში, ათენში. იგი დაჯილდოებულია მეფე ალფონს Х-ის ორდენით (ესპანეთის კულტურასა და განათლებაში შეტანილი წვლილისთვის), მადრიდის უნივერსიტეტისა და რობერტ შუმანის საპატიო მედლებით, რურის (გერმანია) ფესტივალის საპატიო ჯილდოთი, შანხაისა და მოსკოვის კონსერვატორიების "საპატიო პროფესორის" წოდებით.