კინორეჟისორ თენგიზ აბულაძის "მონანიების" შექმნიდან 25 წელი გავიდა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ვარლამ არაბიძის როლის შემსრულებელმა ავთანდილ მახარაძემ განუცხადა, ამაზე საუბარი ძალიან უჭირს.
"25 წელი გავიდა, მაგრამ თითქოს ეს ყველაფერი გუშინ იყო. თითქოს გადაღებები ერთი კვირაა დასრულდა. მადლობა მინდა გადავუხადო თენგიზს და უფალს, რომ ამ ფილმში მივიღე მონაწილეობა. მსახიობზე მისი ნათამაშები პერსონაჟები უფრო საუბრობენ, ვიდრე თავად. ჩართეთ "მონანიება" და 25 წლის მერეც უყურეთ. ის დროს უძლებს", - გაუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" მახარაძემ.
ცნობისთვის, ფილმის შექმნიდან 25 წელი, რუსული კინოფესტივალის ფარგლებში, კინოთეატრ "რუსთაველშიც" გაიხსენეს. აღსანიშნავია, რომ სოფიკო ჭიაურელის სახელობის პრემია "კინოხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის" ყოველწლიურად გადაეცემა რუს და ქართველ კინომოღვაწეებს. ამ პრემიის პირველი ლაურეატი 2010 წელს გიორგი დანელია გახდა. ამჯერად კი პრემია "მონანიების" გმირებს გადაეცათ. "კინოხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის" დაჯილდოვდნენ ავთანდილ მახარაძე, მერაბ ნინიძე და ნანა ჯანელიძე.
"თავდაპირველად ამ ფილმს ხალხი ჩუმად უყურებდა, კასეტა გადადიოდა ხელიდან ხელში, როდესაც გახმაურდა, საზოგადოებაში ცუდი რეაქცია მოჰყვა. მერე, როდესაც ის გამოვიდა და ფართო საზოგადოებამ ნახა, მაშინაც არაერთგვაროვანი შეფასება ჰქონდა, თუმცა მე ეს ფილმი ძალიან მომწონდა და ახლაც ასე ვაფასებ", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" ელდარ შენგელაიამ.
ფილმი კანის ფესტივალზე იყო წარდგენილი, სადაც საუკეთესო რეჟისურისთვის პრიზი აიღო.
შეგახსენებთ, რომ ფილმი 1937 წლის რეპრესიების ღრმად აქტუალურ, ადამიანის ზნეობრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობის პრობლემას ეხება. ფილმში მონაწილეობენ ავთანდილ მახარაძე, ია ნინიძე, მერაბ ნინიძე, ზეინაბ ბოცვაძე, ქეთევან აბულაძე, ედიშერ გიორგობიანი, კახი კავსაძე, ნინო ზაქარიაძე, ნატო ოჩიგავა, დათო ქემხაძე, ვერიკო ანჯაფარიძე, ბორის წიფურია, აკაკი ხიდაშელი, ლეო ანთაძე, რეზო ესაძე და სხვები.