დღეს, 6 ნოემბერს, 15:00 საათზე, კლუბ „არსენალში"თემურ ყვითელაშვილის ახალი კლიპის პრეზენტაცია გაიმართება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მუსიკოსმა განუცხადა, ლექსის და მუსიკის ავტორი მარინა გოჩიტაშვილია, რომელიც საპატრიარქოს სტუდიაში ჩაიწერა.
"მთელი ჩემი შემოქმედება თბილისზეა. ეს კლიპიც მასზეა. ლექსის და მუსიკის ავტორი მარინა გოჩიტაშვილია, რომელიც საპატრიარქოს სტუდიაში ჩაიწერა. ეს სიმღერა ჩემი ახალი ალბომის თემაა. კლიპზე ვახტანგ მამალაძე მუშაობდა, რომელმაც უკვე ჩემი მესამე კლიპი გადაიღო", - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს" ყვითელაშვილმა.
მუსიკოსი თემურ ყვითელაშვილი ახალ, განსხვავებულ ალბომზეც მუშაობს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში მუსიკოსმა აღნიშნა, ახალი ნამუშევარი წინა ალბომებისგან განსხვავებული იქნება.
"ალბომში შევა, როგორც ინსტრუმენტული, ასევე, ვოკალური ნაწარმოებები. უკვე 5 კომპოზიცია ჩავწერე. ალბომში დაახლოებით 12 ნაწარმოები შევა და ეს იქნება ყველაზე გამორჩეული ალბომი ჩემს შემოქმედებაში", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ყვითელაშვილმა.
ალბომი "სანოს" სტუდიაში იწერება და მისი პრეზენტაცია წლის ბოლოს იგეგმება.
შეგახსენებთ, რომ ყვითელაშვილისთვის ეს მეშვიდე ალბომია.