დღეს, 20 ოქტომბერს, თბილისში, საქართველო-აშშ-ის ქარტიის ფარგლებში შექმნილი ერთ-ერთი, უსაფრთხოების საკითხზე მომუშავე ჯგუფის სხდომა გაიმართება.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ნალბანდოვმა განაცხადა, აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ვერშბოუსწორედ ამ სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, საუბარი ძირითადად თავდაცვის სისტემის მოდერნიზაციას, ქართველი სამხედროების ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობას და ზოგადად რეგიონში არსებულ უსაფრთხოების პრობლემატიკას შეეხება.
"ეს იქნება პროფესიული საუბარი პროფესიონალებს შორის. საუბარი ძირითადად თავდაცვის სისტემის მოდერნიზაციას, ქართველი სამხედროების ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობას და ზოგადად რეგიონში არსებულ უსაფრთხოების პრობლემატიკას შეეხება, თუმცა შესაძლოა სამუშაო ჯგუფის სხდომაზე სხვა საკითხებიც წამოიჭრას", - განაცხადა ნალბანდოვმა.
რაც შეეხება იმას, იქნება თუ არა უსაფრთხოების საკითხზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრაზე საუბარი აშშ-ის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემების ნაწლების კავკასიასა და კონკრეტულად საქართველოში შესაძლო განთავსებაზე, ნალბანდოვმა განმარტა, რომ "მუშა ჯგუფის გადასაწყვეტია რომელ საკითხებს მიანიჭებს უპირატესობას".
"ამის თაობაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა უკვე განაცხადა: თუ აშშ-ის მხრიდან ამგვარი თხოვნა იქნება, მზად ვიქნებით ეს წინადადება განვიხილოთ, თუმცა შეერთებულ შტატებს მსგავსი რამ ჯერჯერობით არ უთხოვია", - განმარტა ნალბანდოვმა.
აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილის თბილისში ვიზიტს კი, მინისტრის მოადგილე საქართველო-აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობის კუთხით გადადგმულ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯად აფასებს.
ნალბანდოვის განმარტებით, აშშ-საქართველოს შორის გაფორმებული ქარტიის ფარგლებში შექმნილი სხვა სამუშაო ჯგუფების შეხვედრა ნოემბრის დასაწყისში გაიმართება.