2013-2014 წლებში რუსეთი აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ფინანსურ დახმარებას მკვეთრად შეუმცირებს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
"ყოველივე ეს გამომდინარეობს კონტროლის პალატის მიერ, 2012-2014 წლების ფედერალური ბიუჯეტის კანონპროექტის შესახებ გაკეთებული დასკვნიდან. პროექტის თანახმად, 2012-2014 წლებში საბიუჯეტო ასიგნებებიდან, სამხრეთ ოსეთის სოციალ-ეკონომიკური განვითარებისათვის ყოველწლიურად 2, 537 მილიარდი რუბლი გამოიყოფა, იმდენივე რაც 2011 წელს იყო გამოყოფილი.
აფხაზეთის სოციალ-ეკონომიკური განვითარებისათვის გამოყოფილი ფინანსური დახმარება კი ყოველწლიურად 1, 939 მილიარდ რუბლს აღწევს, რაც 2011 წელს განხორციელებული დაფინანსების მოცულობას შეესაბამება", _ წერს რუსული მედია კონტროლის პალატის დასკვნაზე დაყრდნობით.
ამას გარდა, 2012-2013 წლებში ე.წ. სამხრეთ ოსეთში საბიუჯეტო ინვესტიციების განხორციელებისათვის ფინანსური დახმარების სახით გათვალისწინებულია 2, 9 მილიარდი რუბლი.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ 2014 წელს თანხა ამ მიზნებისათვის გათვალისწინებული არ არის. 2012 წელს აფხაზეთში საბიუჯეტო ინვესტიციების განხორციელებისათვის ფინანსური დახმარების სახით გათვალისწინებულია 4, 863 მილიარდი რუბლი. 2013-2014 წლებში კი ამ მიზნებისათვის თანხა გათვალისწინებული არ არის.
შეგახსნებთ, რომ რუსეთის დუმა 2012-2014 წლების ფედერალური ბიუჯეტის პროექტს პირველი მოსმენით განიხილავს.