საქართველოს რეგიონებში პენსიონერთა დისკრიმინაციის წინააღმდეგ მწვავე პრესკონფერენციების სერია ჩატარდა. მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის რეგიონულმა ლიდერებმა მოითხოვეს, საქართველოზე მთელ გავრცელდეს დედაქალაქში პენსიონერებისათვის დაწესებული სოციალური შეღავათები.
მოძრაობის მხრიდან კრიტიკა გამოიწვია ქვეყნის დღევანდელი ადმინისტრაციის გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვით რეგიონებში პენსიონერები არ მიიღებენ არც 10-ლარიან დანამატს, არც წამლების 25-ლარიან ვაუჩერს და არც ტრანსპორტით ნახევარ ფასში მგზავრობის უფლებას.
"შეღავათები ძალაში შევა მხოლოდ თბილისელი პენსიონერებისთვის, თანაც არა საახალწლოდ, არამედ მარტიდან - ადგილობრივი არჩევნების სავარაუდო თარიღთან ახლოს. ეს გარემეობა გვაფიქრებინებს, რომ შეღავათების ფარული მიზანია თბილისის მერობის სამთავრობო კანდიდატის, გიგი უგულავას წინასაარჩევნოდ პრივილეგირებულ პოზიციაში ჩაყენება. ასეთი მოქმედება საარჩევნო კანონმდებლობის პირდაპირი დარღვევაა. ეჭვს ისიც ამძაფრებს, რომ შეღავათები დაფინანსდება არა თბილისის, არამედ ცენტრალური ბიუჯეტიდან", _აცხადებენ ისინი.
მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" განცხადებით, რეგიონში პენსიონერთა დაჩაგვრას შესაძლოა კიდევ უფრო ვერაგული და შორს მიმავალი მიზნებიც ჰქონდეს.
"მმართველი პარტიას დღესვე სჭირდება მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მომზადება, სადაც ერთ-ერთ კანდიდატად თბილისის დღევანდელ მერსაც მოიაზრებს. თუ ნაციონალური მოძრაობა საბოლოოდ მართლაც გიგი უგულავაზე შეჩერდა, მაშინ მათ შეეძლებათ რეგიონებში საარჩევნო კამპანია ააწყონ ასეთ ლოზუნგზე: "თუ გსურთ რეგიონებშიც ისეთივე ყურადღება მოგაქციოთ, როგორც თბილისში, პრეზიდენტად გიგი უგულავა აირჩიეთ." სწორედ ამ ლოზუნგისათვის საფუძველის ჩაყრას უნდა ემსახურებოდეს დღევანდელი დისკრიმინაცია რეგიონებში. სხვაგვარად ძნელი წარმოსადგენია პიარაქციებში გამოცდილი მთავრობის მხრიდან ასეთი არაპოპულარული ნაბიჯის გადაგმა", - აცხადებენ ისინი.
მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის რეგიონული ორგანიზაციების მიერ გამართულ პრესკონფერენციებში მონაწილეობა მიიღეს პენსიონერებმაც. მათ გულისტკივილი გამოთქვეს, რომ დღევანდელი მთავრობის დაპირება ასდოლარიანი პენსიის შესახებ ტყუილი აღმოჩნდა მთელს საქართველოში, ხოლო რეგიონებში პენსიონერები განსაკუთრებით დაივიწყეს.