საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება ამერიკელ ხმის რეჟისორს, მარკ ბერგერს 19 ოქტომბერს, 14:00 საათზე მიენიჭება. დიპლომს უნივერსიტეტის რექტორი, გიორგი მარგველაშვილი გადასცემს.
ცნობისთვის, კომპანია „ქართული ფილმის" ბაზაზე, საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით, სექტემბრიდან საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთათვის კალიფორნიის, ბერკლის უნივერსიტეტის პროფესორმა, მარკ ბერგერმა ხმის რეჟისურის 6 კვირიანი კურსი წაიკითხა, რის შემდეგაც სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცემათ.
შეგახსენებთ, რომ მარკ ბერგერს მიღებული აქვს კინოაკადემიის 4 ჯილდო, ხმის ინოვაციური გამოყენებისათვის ფილმებში "აპოკალიფსი დღეს" (1979წ.) "ამადეუსი" (1984წ.) "ინგლისელი პაციენტი" (1996 წ.) "კარგი გუნდი" (1983წ.). ასევე, მისი ნამუშევრებიდანაა მილოშ ფორმანის „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა", ფრენსის ფორდ კოპოლას „ნათლიმამა", სტივენ სპილბერგის „მიუნჰენი" და მრავალი სხვა. დღეისათვის მარკ ბერგერი ხელმძღვანელობს ხმის რეჟისურის სპეციალობას ბერკლის უნივერსიტეტში.
აღსანიშნავია, რომ რობერტ სტურუას, ნელე ჰერტლინგის, სტივ ოლსენის, ოთარ იოსელიანის და ბეჰროუზ გჰარიბპურის შემდეგ, ბატონი ბერგერი თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რიგით მეექვსე საპატიო დოქტორი იქნება.