დღეს, 16 ოქტომბერს, ელისო ვირსალაძე და კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრის ინიციატივით თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნება.
8 დღის განმავლობაში 23 ოქტომბერის ჩათვლით, მაყურებელს ელის 6 მუსიკალური საღამო, მსოფლიოში სახელგანთქმული მუსიკოსების მონაწილეობით.
2010 წლის ოქტომბერში, თითქმის ოცწლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და მსოფლიოში განთქმული ქართველი მუსიკოსის, ელისო ვირსალაძის ინიციატივით, განახლებული სახით აღორძინდა მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში.
ფესტივალი წელს საქართველოს პირველი ლედის, სანდრა ელისაბედ რულოვსის პატრონაჟითა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება. გენერალური სპონსორი კი კავკასუს ონლაიანია, რომელიც ფესტივალის ინტერნეტში ონლაინჩვენებას უზრუნველყოფს მთელი საფესტივალო კვირის განმავლობაში.
ფესტივალს საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია და დიდი ტრადიციები გააჩნია. ელისო ვირსალაძის მიერ 80-ან წლებში დაარსებულ ფესტივალს (მაშინ მისი სახელწოდება იყო "ქება ვაზისა") იმ ხანად, ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ანალოგი არ მოეძებნებოდა, არც ფორმატით (კონცერტების სერია და მასტერკლასები), არც მონაწილეთა შემადგენლობით და არც ასეთი მასშტაბის ფესტივალის ჩატარებით ქვეყნის რეგიონში. შემდგომ, ქვეყანაში არსებული ვითარებისა და ობიექტური მიზეზების გამო, ფესტივალი აღარ ჩატარებულა.
2010 წელს ,როგორც ფესტივალი აღდგა ახალი სახელწოდებით ("მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში"). სპეციალურად ფესტივალისთვის დამზადდა და სახელმწიფომ შეიძინა "Steinway & Sons"-ის საუკეთესო ორი საკონცერტო როიალი.
ფესტივალის ჩატარებას უკვე მოჰყვა საერთაშორისო რეზონანსიც, რამაც წარმოშვა უცხოელ პარტნიორებთან ერთად არაერთი საინტერესო პროექტის განხორციელების იდეა.
თელავში, მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ჩატარების ძირითადი მიზანია მრავალმხრივი პოზიტიური გავლენა იქონიოს, როგორც საქართველოს (და კავკასიის რეგიონის) მუსიკალური კულტურის განვითარებაზე, ისე ქართული საზოგადოების კულტურული ცხოვრების ხარისხზე. მთავარი ამოცანებია კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია და მუსიკოსთა პროფესიული დონის ამაღლება; მსოფლიო მასშტაბით ერთერთი მნიშვნელოვანი და წარმატებული ფესტივალის სახელისა და რეპუტაციის მოპოვება; ქართველი მუსიკოსებისა და კოლექტივების პოპულარიზაცია; მუსიკის სფეროში ახალი სახელების გამოვლენა და პოპულარიზაცია.
ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ მაღალი სტანდარტების ფესტივალის ჩატარებას აუცილებლად თან სდევს ადგილზე (ამ შემთხვევაში კახეთში) კულტურული ცხოვრების გააქტიურება, კულტურული ტურიზმისა და მცირე ბიზნესის განვითარება, რეგიონის მოსახლეობის დასაქმება.
ისევე, როგორც 2010 წელს კონცერტები ჩატარდება თელავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, მასტერკლასები - თელავის სამუსიკო სასწავლებელში.
2011 წლის ფესტივალი უფრო მასშტაბურია- შედგება 6 კონცერტისგან და 6 მასტერკლასისგან.
ფესტივალის პროგრამა მრავალფეროვანია- სახელოვანი მუსიკოსების მიერ შესრულდება ქართველი და ევროპელი კომპოზიტორების ნაწარმოებები, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც ჩვენი პუბლიკისთვის უცნობი ან ნაკლებად ცნობილია, შესრულდება სხვადასხვა ჟანრის მუსიკა-სიმფონიური, კამერული, საოპერო, საგუნდო, ეთნო და ხალხური.
ფესტივალში მონაწილეობას იღებს 23 სოლისტი (მათ შორის გერმანიიდან, შვეიცარიიდან, იაპონიიდან, ისრაელიდან, კანადიდან), კვარტეტი "კლეზმერატა ფიორენტინა"(იტალია), თბილისის სიმფონიური ორკესტრი, ოპერის სიმებიანი კვარტეტი.ფესტივალის ერთი კონცერტი - "ახალი სახელები" - დაეთმობა ახალგაზრდა ნიჭიერ მუსიკოსებს სხვადასხვა ქვეყნიდან. სულ ფესტივალში მონაწილეობს 200-მდე მუსიკოსი.
ფესტივალის პარტნიორები არიან: თბილისის მერია, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის ადმინისტრაცია, საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტო, სასტუმროების ქსელი „რჩეული", თიბისი ბანკი, სოკარ ჯორჯია, ვინივერია, ალექსანდრე ჭავჭავაძის მუზეუმი წინანდალი.
საინფორმაციო მხარდაჭერა: საზოგადოებრივი მაუწყებელის პირველი არხი, რუსთავი 2, პიკი, 24 საათი, GEORGIA TODAY, ჯი-ეიჩ-ენი, თბილისიOUT, ცხელი შოკოლადი, რადიოები მუზა და უცნობი.
ბილეთები იყიდება თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიისა და თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სალაროებში.