ხვალ, 15 ოქტომბერს, 20:00 საათზე, რუსთაველის თეატრში ქართველი პიანისტი ელისო ბოლქვაძე და ამერიკელი დირიჟორი ფილიპ მანი კონცერტს გამართავენ. ფილიპ მანი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სიმფონიურ ორკესტრს უდირიჟორებს.
მსმენელები ვარსკვლავური შესრულებით მოისმენენ კამილ სენ-სანსის მეორე საფორტეპიანო კონცერტს, ჟორჟ ბიზეს სიუიტას ოპერიდან "კარმენი" და ლეონარდ ბერნსტაინის "სიმფონიურ ცეკვებს" მიუზიკლიდან "ვესტ საიდის ისტორია".
ცნობისთვის, ელისო ბოლქვაძემ 7 წლის ასაკში პირველი კონცერტი გამართა სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, რასაც მალე მრავალ საერთაშორისო კონკურსში გამარჯვება და აღიარება მოჰყვა. პიანისტის შემოქმედების ბოლო წლები ავსტრიასა და საფრანგეთში, უკავშირდება ცნობილ მუსიკოსს და პედაგოგს მიშელ სონის. ბოლქვაძე არის მრავალი ცნობილი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი, დაჯილდოებულია საქართველოს სახელმწიფო პრემიით, ასევე სპეციალური პრემიით "ქართული კულტურის ამაგდარი". პიანისტს ჩაწერილი აქვს მრავალი კომპაქტდისკი, რომელთაც საერთაშორისო ჟურნალისტების დიდი გამოხმაურება ხვდა წილად.
ამერიკელ დირიჟორი ფილიპ მანი "BBC"-იმ აღიარა "ტალანტად, რომელიც შემოქმედებითი ძალების გაფურჩქვნის პერიოდში იმყოფება". ფილიპ მანი თანამშრომლობდა და თანამშრომლობს ისეთ ცნობილ არტისტებთან, როგორებიც არიან ჯოშუა ბელი, შერონ ისბინი, მარვინ ჰემლიში და სხვები. დირიჟორის რეპერტუარი მოიცავს როგორც სიმფონიურ, ისე საოპერო ნაწარმოებებს, ხშირად მის სახელს უკავშირდება ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებების მსოფლიო პრემიერებიც. ფილიპ მანს მოპოვებული აქვს მრავალი ჯილდო და პრემია, მათ შორის ვენის ფილარმონიის კარაიანის სახელობის სტიპენდია ზალცბურგის ფესტივალზე.