საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ორ რეგიონს შორის, რომლებიც საკუთარ თავს "დამუკიდებელ სახელმწიფოებად" მიიჩნევენ მდგომარეობა დაიძაბა. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ რამდენიმე დღის წინ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ეროვნებით აფხაზი დენის ცარგუში დააკავეს. მასთან ერთად, ასევე დააპატიმრეს მსოფლიო თასის მფლობელი სოსლან გაგლოევი და ევროპის ჩემპიონი სოსლან კცოევი.
სახელოვანი სპორტმენების დაკავების მიზეზი კი მხოლოდ ის იყო, რომ მათ - ოს სეპარატისტთა ლიდერის ედუარდ კოკოითის მთავარი მოწინააღმდეგის, თავისუფალ ჭიდაობაში რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ჯამბოლატ თედეევის მიმართ მხარდაჭერა გამოთქვეს. ინფორმაციას ამის შესახებ ოსური მედია ავრცელებს.
მართალია, დაკავებულები მალევე გაათავისუფლეს, მაგრამ აფხაზეთის ჩარევის გარეშე ამის განხორციელება მოკლე ვადაში ვერ მოხერხდებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, სპორტსმენების გათავისუფლება აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის ალექსანდრე ანქვაბის პირადი მყისიერი ჩარევის შემდეგ გახდა შესაძლებელი. მეორე ვერსიით, სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში, ალექსნადრე ანქვაბის გარემოცვის მაღალჩინოსანმა წევრმა დარეკა.
საქმე იმაშია, რომ დენის ცარგუში - პირველი აფხაზია, რომელიც მსოფლიო ჩემპიონი გახდა ამიტომაც აფხაზი ხალხისათვის იგი ეროვნულ სიამაყეს წარმოადგენს. ამიტომაც ცარგუშისადმი არასათანადო დამოკიდებულების შესახებ ამბავი მყისიერად ცნობილი გახდა აფხაზეთში სადაც ცარგუშს ყველა უკიდურესად პატიოსან და კანონმორჩილ ადამიანად იცნობს.
ამიტომაც სოხუმიდან განხორციელებული სატელეფონო ზარის შემდეგ ედუარდ კოკოითს უთხრეს, რომ ეს უკიდურესად აღმაშფოთებელი შემთხვევა და მოძმე აფხაზი ხალხის მიმართ არამეგობრული დამოკიდებულების გამოვლენაა, რომელსაც შორს მიმავალი შედეგები შეიძლება მოჰყვეს.
ინფორმირებული წყარო ასევე იუწყება, რომ ედუარდ კოკოითს უთხრეს, რომ ცარგუში დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს, თან ბოდიშის მოხდით, და რომ აფხაზეთს შეუძლია არა მხოლოდ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ელჩი აფხაზეთში არასასურველ პერსონად გამოაცხადოს (ე.წ. სამხრეთ ოსეთის ელჩი კი აფხაზეთში არც მეტი და არც ნაკლები ოს სეპარატისტთა ლიდერის ედუარდ კოკოითის ძმა რობერტ კოკოითია) არამედ ორ ე.წ. ქვეყანას შორის ურთიერთობა გაწყვიტოს.
"ამ სიტყვებმა გამომოაფხიზლებელი გავლენა იქონიეს გამძვინვარებულ მმართველზე, რომელმაც თავი პატარა ნაპოლეონად წარმოიდგინა. ედუარდ კოკოითი იმავე დღეს იძულებული გახდა სპორტსმენები გაეთავისუფლებინა, თუმცა ამით ცარგუშთან დაკავშირებული ამბავი არ ამოწურულა.
არსებული ინფორმაციით, ამჟამად სოხუმის სპორტულ საზოგადოებასა და ინტელიგენციაში აქტიურად განიხილება საკითხი, რესპუბლიკის ხელმძღვანელობას მიმარონ თხოვნით ჩამოერთვას ედუარდ კოკოითსა და მის ძმას შავი ზღვის პირას შეძენილი აგარაკი და აფხაზეთში არსებული სხვა უძრავი ქონება", _ ნათქვამია სტატიაში.