თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანის 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო - "თავისუფლება ისე არ მოდის" გაიმართა.
როგორც პოეტმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას აღნიშნა, შემოქმედებითი საღამო მისი შვილის, თაკო ჩარკვიანის ინიციატივით მოეწყო.
"ჩემმა შვილმა მითხრა, შენი იუბილესადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო მოვაწყოთო და დავთანხმდი, რეპეტიციაც კი არ გამივლია, რიცხვი დათქვა და აი, ფილარმონიის სცენაზე გამოვედი მე ჩემ მეგობრებთან ერთად. ჩემთან ერთად ის მომღერლები და კომპოზიტორები წარსდგნენ, ვისაც ჩემს ლექსებზე დაწერილი სიმღერები შეუსრულებიათ", - აღნიშნა ჩარკვიანმა.
ღონისძიებაში მონაწლეობა ქართული ესტრადის ვარსკვლავებმა მიიღეს. სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ძველი და ახალი თაობის მომღერლები, მათ შორის: მერაბ სეფაშვილი, აჩიკო ნიჟარაძე, მაია ჯაბუა, დათუნა სირბილაძე, ირმა სოხაძე, ანსამბლი „ალილო", ქართული ხმებმა კი მამუკა ჩარკვიანთან ერთად პოეტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმღერა „მაღლა და მაღლა" შეასრულეს.
აღსანიშნავია, რომ სიმღერა პოეტის 70 ლექსზეა შექმნილი, თუმცა ფილარმონიის სცენაზე თავად პოეტის ინიციატივით მხოლოდ 20 სიმღერა შესრულდა.
„საოცრად ბევრი შეიძლება ილაპარაკოს ბატონი ჯანსუღის შემოქმედებაზე, მე ძალიან ბევრი სიმღერა მაქვს ნამღერი, მის ლექსზე შექმნილი. მინდა გითრათ, რომ მისი ლექსი სიმღერაში განსაკუთრებულად ჟღერს. კარგად ესმის მუსიკა და აქედან გამომდინარე კარგადაც წერს ლექსს", - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს" მომღერალმა მერაბ სეფაშვილმა.
„მთლიანად მიყვარს ჩარკვიანების მოდგმა, რა თქმა უნდა, ათვლის წერტილია ბატონი, ჯანუკი. ეს არის ადამიანი, რომელიც ერთ-ერთი პატრონია ქვეყნის კულტურის, ღირსების. მე ვმღერი მაცაცო სეფისკვერაძის სიმღერას, ჯანუკის ლექსზე „ჩუმად გაგიყვან მინდორში", რომელიც ძალიან დიდი ხნის სიმღერაა, მაგრამ საყვარელი", - განაცხადა მაია ჯაბუამ.
„ჩემი ნათლიაა ბატონი ჯანსუღი და ჩემთვის ეს ოჯახი ძალიან მნიშვნელოვანია. ჯანსუღი ჩემი აზრით უდიდესი პოეტია, ერთ-ერთი ქართველი დიდი პოეტი, რომელიც მთელი თავის შეგნებით და აზროვნებით ემსახურება თავის ხალხს. უამრავი სიმღერაა შექმნილი მის ლექსზე. მე ვიმღერე „გამახარე", ძალიან ცნობილი სიმღერა", - აღნიშა დავით გომართელმა.
შეგახსენებთ, რომ 28 სექტემბერს საქართველოს პატრიარქის და მწერალთა კავშირის ინიციატივით სამებაში ჯანსუღ ჩარკვიანის შემოქმედებითი საღამო მოეწყო და სწორედ, იქ დაიბადა იდეა, რომ პოეტის შემოქმედებით საღამო ფილარმონიის დიდ სცენაზე გაცოცხლებულიყო.
„მამაჩემის ძალიან ბევრ საღამოზე ვარ ნამყოფი, მაგრამ მე ასეთი რამ არ მინახავს. თავად პატრიარქი 2 საათი თავიდან ბოლომდე ესწრებოდა. იქ ყველამ თქვა, რომ ეს ყველაფერი დიდ სცენაზე უნდა გაცოცხლებულიყო. 28 სექტემბრიდან 12 ოქტომბრამდე არც ისე დიდი დროა, რომ ამხელა საღამო მოაწყო, მაგრამ აქ იყო ისეთი ენთუზიაზმი, ყველა მსახიობი და მომღერალი მობილიზებული იყო. თაობები დგანან სცენაზე, სეფაშვილი, აჩიკო ნიჟარაძე, დათუნა სირბილაძე, მაია ჯაბუა. ეს ინიციატივა თავად მათგან წამოვიდა და მე ბენდიერი ვარ ამით", - აღნიშნა „ჯი-ეიჩ-ენთან" თაკო ჩარკვიანმა.