მსოფლიოს როკმუსიკაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მენეჯერი და პროდიუსერი სტივ უელტმანი თბილისშია. დღეს, 13 ოქტომბერს, იგი სპეციალურ პრესკონფერენციას გამართავს "ლოკომოტივ პრომოუშენთან" ერთად ლიტერატურულ კაფე "ქარავანში".
სტივ უელტმანი რამდენიმედღიანი ვიზიტით "ლოკომოტივ პრომოუშენის" მოწვევით ჩამოვიდა. როგორც პრესცენტრში აცხადებენ, კომპანია სტივთან ერთად გრანდიოზულ როკფესტივალზე იწყებს მუშაობას. გარდა ამისა, უკვე დაგეგმილია მსოფლიოში ცნობილი როკშემსრულებლების კონცერტები თბილისში. პირველი კონცერტი 5 ნოემბერს გაიმართება.
სწორედ დღევანდელ პრესკონფერენციაზე გახდება ცნობილი, ვინ გამართავს კონცერტს თბილისში 5 ნოემბერს და კონკრეტულად რა სამომავლო გეგმები აქვთ სტივ უელტმანსა და "ლოკომოტივ პრომოუშენს".
ერთობლივი პრესკონფერენცია 13 ოქტომბერს, 11:30 საათზე მოეწყობა ლიტერატურულ კაფე "ქარავანში" (ფურცელაძის ქ. #10).
სტივ უელტმანი მსოფლიოს როკმუსიკაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მენეჯერი და პროდიუსერია. სხვადასხვა დროს იგი მუშაობდა ისეთ ლეგენდარულ შემსრულებლებთან, როგორიცაა: ბითლზი, ლედ ზეპელინი, ელვის პრესლი, ჯენეზისი, პინკ ფლოიდი, დევიდ ბოუი, ოზი ოზბორნი და სხვები. მას აგრეთვე უდიდესი წვლილი მიუძღვის მსოფლიოში ყველაზე ცნობილი როკ ფესტივალების: Download-ის, Glastonbury-ს, T-In The Park-ისა და Ozzfest-ის ორგანიზებაში.