რუსთაველის თეატრში მიუზიკლ "ქეთო და კოტეს" თბილისურმა პრემიერამ ტექნიკური ხარვეზებით ჩაიარა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენისთვის" გახდა ცნობილი გენერალური რეპეტიცია წარმოდგენამდე ერთი საათით ადრე დაიწყო.
"რეპეტიცია ფაქტიურად ვერ გავიარეთ, რატომღაც ისე მოხდა, რომ ერთი საათით ადრე შევიკრიბეთ და უცბად შევკარით ყველაფერი. რამაც გამოიწვია, ძალიან ბევრი ტექნიკური პრობლემა, ხმა გამეთიშა და კიდევ ბევრი სხვა წვრილმანები მოხდა, რაც ყველაფერი ტექნიკურ საკითხებს ეხებოდა. იმედია ყველაფერი გამოსწორდება", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ნანი ბრეგვაძემ.
მიუზიკლში "ლევანის" როლს ლადო ათანელი თამაშობს. მან როგორც "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აღნიშნა ეს იყო მისი ბოლო წარმოდგენა, რომელსაც "ქეთო და კოტეში" ითამაშებს.
"მე ჩემი საქმეები მაქვს. ეს იყო ბოლო ჩემი მონაწილეობა ამ მიუზიკლში. ახლა, ჩემ საქმეებს უნდა მივხედო. რაც შეეხება, დღევანდელ დღეს მინდა გითხრათ, რომ ტექნიკური პრობლემების მიუხედავად ყველაფერმა კარგად ჩაიარა", - აღნიშნა ათანელმა.
გათანამედროვებული მიზუიკლის ავტორი დავით დოიაშვილია, მისი განცხადებით, ექსტრემალურ სიტუაციაში კიდევ კარგი შედეგი აჩვენეს.
"დღეს პირველი დღე იყო, სადაც ტექნიკური პრობლემების მოგვარება ვერ მოვასწარით. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მგონი ხალხი მაინც კმაყოფილი დარჩა. ჩვენ შევეცდებით ჩვენი მხრიდან რაც ხარვეზებია ის გამოვასწოროთ. მიუზიკლი 14 ოქტომბრამდე გაგრძელდება და იმედია დანარჩენი ჩვენება ხარვეზების გარეშე ჩაივლის", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" რეჟისორმა.
დავით დოიაშვილის თქმით, მიუზიკლის დადგმას რეგიონებშიც ითხოვენ და ამ ეტაპზე ის შემოთავაზებებს იღებს სხვადასხვა თეატრებიდან. როგორც რეჟისორმა "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა გათანამედროვებულ "ქეთო და კოტეს" მალე საქართველოს სხვადასხვა კუთეშიც იხილავენ.