ოპერის თეატრში მიმდინარე სარემონტო სამუშაოს გამო, თეატრის დასი კონცერტებს ფილარმონიაში გამართავს. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სახელმწიფო აკადემიური თეატრის საბალეტო დასი ნინო ანანიაშვილის ხელმძღვანელობით თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ყოველკვირა კონცერტს სხვადასხვა წარმოდგენით გამართავს.
"სანამ ოპერის თეატრში სარემონტო სამუშაო მიმდინარეობს, ფილარმონიაში ორკესტრი და ბალეტიც წარდგება. ეს ძალიან სასიამოვნო შემოთავაზება ჩვენთვის", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ნინო ანანიშვილმა.
ანანიაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენთან" "ქართული ხელოვნების საღამოების" შესახებაც ისაუბრა, სადაც მისი ხელმღვანელობით დასი თვეში ერთ პროგრამას წარადგენს.
"ძალიან კარგი პროექტია. ხშირად მყავს უცხოელი სტუმრები, რომლებიც მინდა წავიყვანო სადმე, ვაჩვენო ჩვენი ნაციონალური კულტურა. ამიერიდან წინასწარ გაწერილი პროგრამით თბილისში შესაძლებელია საღამოების დაგეგმვა", - აღნიშნა ანანიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ახალი პროექტი "ქართული ხელოვნების საღამოები" 9 ოქტომბრიდან ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში იწყება.