2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი განისაზღვრა 5.5%, ხოლო მშპ-ს დეფლატორის მაჩვენებელი 7.0%-ით.
აღნიშნული პარამეტრებიდან გამომდინარე 2012 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური მაჩვენებელის პროგნოზმა 26 494.4 მლნ ლარი შეადგინა, რაც მიმდინარე წლის მაჩვენებელს აღემატება 3 024.1 მლნ ლარით.
მთავრობის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტის მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით კვლავ გაგრძელდება საბიუჯეტო დეფიციტის და სახელმწიფო ვალის შემცირების ტენდენცია.
წამროდგენილი პროექტის მიხედვით, მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ საბიუჯეტო დეფიციტი 3.7%-დან 3.6%-მდე, ხოლო სახელმწიფო ვალის მოცულობა 40.6%-დან 39.7%-მდე მცირდება.
ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 6 405.0 მლნ ლარით, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 24.2%-ს შეადგენს, ხოლო მიმდინარე წლის გეგმიურ მაჩვენებელზე 475.0 მლნ ლარით მეტია.
საქართველოს 2012 წლის ნაერთი ბიუჯეტის გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებლების გაანგარიშებისას მხედველობაში იქნა მიღებული მიმდინარე წელს არსებული ტენდენციები, 2012 წლისთვის ეკონომიკური განვითარების საპროგნოზო მაჩვენებლები (5.5%), ფასები (მშპ-ის დეფლატორის ცვლილება 7.0%), საგადასახადო პოლიტიკა, ადმინისტრირების დონის გაუმჯობესება და სხვა ფაქტორები.
როგორც 2012 წლის ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამი, 2014 წლისათვის თავისუფლების აქტით განსაზღვრული მაჩვენებლების მიღწევისათვის მთავრობა კვლავ აგრძელებს მშპ-ს მიმართ სახელმწიფო ხარჯების შემცირების პოლიტიკას. წარმოდგენილი პროექტის მიხედვით ნაერთი ბიუჯეტის გადასახდელები მშპ-ს მიმართ 2011 წელს არსებული 33.3%-იდან მცირდება 31.1%-მდე. ნაერთი ბიუჯეტის ხარჯები შეადგენს მშპ-ს 22.7%-ს, არაფინანსური აქტივების ზრდა 5.8%-ს, ფინანსური აქტივების ზრდა 1.6%-ს, ხოლო ვალდებულებების კლება 1.0%-ს.
ნომინალურ გამოხატულებაში ნაერთი ბიუჯეტის გადასახდელების მთლიანი მოცულობა 8 263.7 მლნ ლარს შეადგენს, რაც მიმდინარე წლის მაჩვენებელზე 453.3 მლნ ლარით მეტია.