ცნობილი რუსი ოპოზიციონერი და ოცი წლის განმავლობაში ნომერ პირველ მოჭადრაკედ აღიარებული გარი კასპაროვი თბილისშია.
პირველი კომენტარი ქართულ მედიასთან ოპოზიციონერმა მოჭადრაკემ თბილისის აეროპორტში გააკეთა. კასპაროვმა რუსეთის ხელისუფლება გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში პუტინის დიქტატურა უფრო და უფრო ძლიერდება და მას ქვეყნის მართვა ბრეჟნევის მეთოდებით სურს.
ეს ცნობილი რუსი მოჭადრაკის პირველი ვიზიტი არ არის. ის საქართველოში ბოლოს თებერვალში იმყოფებოდა. გარი კასპაროვი პოლიტიკაში 6 წლის წინ წავიდა. ის დღემდე დემოკრატიული ოპოზიციის აქტიურ ლიდერად ითვლება, რომელიც რუსეთში დემოკრატიის აღდგენისთვის იბრძვის.
გარი კასპაროვს დღეს პარლამენტში ელოდებიან. იგი სამი გაერთიანებული კომიტეტის სხდომას დაესწრება და საკუთარი პროგრამის პრეზენტაციას გამართავს. მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონის პროექტი საჯარო სკოლებში ჭადრაკის სწავლებას ითვალისწინებს. "ჭადრაკი სკოლებში -ახალი მოძრაობა თანამედროვე განათლებისთვის" უკვე რამდენიმე წელია წარმატებით ხორციელდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
კასპაროვის პროგრამის გარდა განხილული იქნება ასევე რუსეთ- საქართველოს ურთიერთობა და ის აგრესიული პოლიტიკური კურსი, რომელიც რუსეთს საქართველოს მიმართ აქვს არჩეული. ასევე დაგეგმილია გარი კასპაროვის პირისპირ შჰხვედრა პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან.