ხვალ, 6 ოქტომბერს, 16:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართება მთარგმნელისა და მწერლის, გივი შახნაზარის თარგმანების "ას ერთი ჰაირენის" პრეზენტაცია. შახნაზარი მკითხველს ამჯერად მე-13-მე-14 საუკუნების სომეხი ლირიკოსის, ნაჰაპეტ ქუჩაკის პოეზიის თარგმანს წარუდგენს.
შეხვედრას მწერალთან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა, სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჰოვჰანეს მანუკიანი, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ვან ბაიბურთი, განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის წევრები, სხვა ოფიციალური პირები, მწერლები, მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.
"ნაჰაპეტ ქუჩაკი მე-13-მე-14 საუკუნების სომეხი პოეტია, საქვეყნო პარნასის აღიარებული მკვიდრი. მისი ბიოგრაფიული მონაცემები იმდენად მწირია და სავარაუდო, რომ ისიც კი, რაც ვიცით, ისევ მისივე შემოქმედებიდანაა მოძიებული. ამ დიდი ლირიკოსის გვარ-სახელიც კი პირობითია. იგი ზეციერიცაა და მიწიერიც. და, რაც მთვარია, მისი პოეზია ისეთ ადამიანურ განცდებთანაა წილნაყარი, რაც იყო, არის და იქნება აწ და მარადის უკუნითი უკუნისამდე", - წერს შახნაზარი.
სატრფიალო ლირიკა "ას ერთი ჰაირენი" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, "ქართული წიგნის და ლიტერატურის ხელშეწყობის პროგრამის" ფარგლებში გამოიცა.