დღეს ბათუმს საკრუიზო გემი "Island Sky" ესტუმრა. ბრიტანულმა ხომალდმა ქალაქში 110 ბრიტანელი და ამერიკელი ტურისტი ჩამოიყვანა.
ვიზიტორებს ტურისტული კომპანია "Visit Georgia"-ს წარმომადგენლები დახვდნენ. დილიდანვე ტურისტები ბოტანიკურ ბაღში გაემგზავრნენ. მოგვიანებით ისინი გონიოს ციხესა და ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს ეწვევიან. საღამოს კი ქართულ ღვინოსა და სამზარეულოს დააგემოვნებენ, ასევე გაეცნობიან ქართულ ფოლკლორს.
"Island Sky" ბათუმს ყოველწლიურად სტუმრობს. წელს ის თურქეთიდან შემოვიდა. გემი ქალაქს დღის ბოლოს დატოვებს და გეზს სოჭისკენ აიღებს.
ტურისტული კომპანია "Visit Georgia" უკრაინულ კომპანია "Prime Express"-თან თანამშრომლობით 14 და 15 ოქტომბერს კიდევ ორი საკრუიზო გემის შემოყვანას გეგმავს.