გაკოტრების რეჟიმში მყოფი "კახეთის ენერგოდისტრიბუცია" გაიყიდება. როგორც დღეს პარლამენტში საკომიტეტო მოსმენისას, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა განაცხადა, კახეთის რეგიონში გამრიცხველიანების პრობლემა აქტუალურია, თუმცა პრობლემა ინვესტორის მხრიდან პირობების შეუსრულებლობას უკავშირდება.
"რეგიონებში გამრიცხველიანების პრობლემა არსებობს, გარკვეული ჩამორჩენები აღინიშნებოდა კახეთის რეგიონში. პრობლემა იყო იმაში, რომ ლიტვური ინვესტორების მხრიდან შეუძლებელი გახდა საინვესტიციო პირობების შესრულება და შესაბამისად კომპანიამ დაიწყო ვალების დაგროვება. დღეისათვის "კახეთის ენერგოდისტრიბუცია" გაკოტრების რეჟიმში იმყოფება და ვიმედოვნებთ, რომ გაკოტრების შემდეგ კომპანიის გაყიდვა მოხდება და შესაბამისად გამრიცხველიანების პროცესი, რომელიც 2010 წელს დაიწყო, მომავალშიც გაგრძელდება და 2013 წლისთვის დასრულდება", - აღნიშნა ალექსანდრე ხეთაგურმა.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო კომპანიების წინაშე არსებული დავალიანების გამო "კახეთის ენერგოდისტრიბუციის" გაკოტრების პროცესი დაიწყო. კახეთის ენერგოდისტრიბუციის" მიმართ, რომელსაც 2009 წლის იანვრიდან ლიტვური კომპანია „ახემა ჯგუფი" ფლობს, გაკოტრების საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს 5 აგვისტოს განჩინებით გაიხსნა. ენერგოსადისტრიბუციო კომპანიას 4 417 544 ლარი დავალიანება აქვს