საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC), ქართული ღვინის მწარმოებელ და ექსპორტიორ კომპანია "თბილღვინოსთან" ხელი მოაწერა 1,5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის საკრედიტო ხელშეკრულებას, რაც სოფლად მცირე ფერმერებისთვის სამუშაო ადგილების შექმნას უზრუნველყოფს.
სესხი ნაწილია კომპანიის 3 მილიონიანი საინვესტიციო პროგრამისა, რომელიც მიზნად ისახავს წარმოების გაფართოებას, პროდუქციის ხარისხისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტების ამაღლებას და კომპანიის კონკურენტუნარიანობის გაზრდას. იგი ასევე ხელს შეუწყობს საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებას და გაზრდის ექსპორტის პოტენციალს.
`თბილღვინოს ახალი საინვესტიციო პროგრამის განხორციელება დაეხმარება ჩვენს კომპანიას შემდგომი განვითარების ეტაპებზე, IFC-ის ინვესტიაცია მნიშვნელოვანია ჩვენი გეგმების განხორციელებისათვის. კერძოდ კი, მისი დახმარებით ჩვენ შევძლებთ გავაფართოვოთ ჩვენი საექსპორტო გაყიდვების არეალი. ასევე ვგეგმავთ საწარმოო სიმძლავრეების გაზრდას, მუდმივად მზარდი მოთხოვნების პირობებში. გარდა ამისა, აღნიშნული ინვესტიცია დადებით შედეგებს მოიტანს ხარისხის კონტროლისა და მართვის კუთხით."
IFC -ის მხარდაჭერის შედეგად, ღვინის მწარმოებელი კომპანია კახეთის რეგიონში მოაწყობს ყურძნის პირველადი გადამუშავების საწარმოს, რითაც ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას სოფლად. IFჩ-ის პირველი ინვესტიცია საქართველოს ღვინის სექტორში ასევე ხელს შეუწყობს კახეთის რეგიონში ფერმერთა შემოსავლების ზრდას"- განაცხადა თბილღვინოს აღმასრულებელმა დირექტორმა ზურაბ მარგველაშვილმა.
`სოფლის მეურნეობა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სექტორია ეკონომიკური ზრდისა და სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით, რამდენადაც მოსახლეობის ნახევარზე მეტი სწორედ ამ სექტორშია დასაქმებული. ამ ინვესტიციით ჩვენ მიზნად ვისახავთ მხარი დავუჭიროთ საქართველოს, ქვეყანას, რომელსაც ღვინის წარმოების დიდი ისტორია აქვს, გაზარდოს თავისი ტრადიციული საექსპორტო პროდუქციის მოცულობა და ამ სფეროში თავისი კონკურენტული უპირატესობის რეალიზება მოახდინოს." - განაცხადა IFC -ის ვიცე-პრეზიდენტმა აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპაში, ცენტრალურ აზიაში, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში დიმიტრის ციცირაგოსმა.
IFC -ის ინვესტიციებმა საქართველოში თითქმის 550 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა სხვადასხვა სექტორის 39 პროექტში. გარდა ამისა, IFC თავისი საკონსულტაციო პროექტის ფარგლებში მუშაობს საქართველოს საგადასახადო სისტემის რეფორმირების მიმართულებით, რაც მცირე ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს. IFC საკონსულტაციო პროექტების მეშვეობით კომპანიებს ასევე სურსათის უვნებლობის სტანდარტების ამაღლებაში ეხმარება და ასევე, მუშაობს ბანკებთან მათი რისკის მართვის პრაქტიკის განმტკიცების მიზნით. საქართველო IFC -ის წევრი 1995 წელს გახდა.