ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე საქართველოში მოქმედ დონორ ორგანიზაციებს შეხვდა. შეხვედრა გაიმართა როგორც ორმხრივ დონორებთან, ასევე საქართველოში მოღვაწე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან.
შეხვედრის ძირითადი მიზანი დონორი ორგანიზაციებისათვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება იყო, მიმდინარე დადებით მაკროეკონომიკურ დინამიკაზე საქართველოში, საბიუჯეტო პოლიტიკის მდგრადობაზე, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპებსა და სტრუქტურულ რეფორმებზე.
"მომდევნო 2-2,5 წლის განმავლობაში მსხვილი პროექტების განხორციელება კვლავ გაგრძელდება. შესაბამისად, მთავრობა კვლავ გააგრძელებს ქვეყნის ფინანსურ სტიმულირებას, რაც შეეხება სექტორებს, ეს იქნება გზები. საუბარია, აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფანსა და შიდა გეზბზე. ასევე, ენერგეტიკულ პროექტებზე, წყალომამრაგების სისტემებსა და სხვა. დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო, ის, რომ დონორებისათვის ნათელი გახდეს საქართველოს მთავრობის მიერ საერთაშორისო დახმარების კუთხით გამოყოფილი თანხების საჯაროობა. ყველასათვის ნათელი უნდა იყოს თუ რაში იხარჯება ფული", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს 2008 წლის ოქტომბერში ბრიუსელში, დონორთა საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოსთვის დაპირებული დონორთა მხარდაჭერის გამოყენებასთან დაკავშირებით მიღწეული პროგრესი.
დონორთა საერთაშორისო კონფერენციიდან გასულია 3 წელი. ამ პერიოდის განმავლობაში, დონორების მიერ დაპირებული 4.5 მილიარდი დოლარიდან სხვადასხვა პროექტზე და პროგრამაზე უკვე დაიხარჯა ამ თანხის ნახევარი, ხოლო დანარჩენი თანხა ამ დროისთვის დიდწილად დაკონტრაქტებულია და მისი ათვისება მოხდება თანმიმდევრულად, შემდეგი 2-3 წლის განმავლობაში. აღნიშნული რესურსი საქართველოს გამოეყოფა გრანტად ან გრძელვადიანი შეღავათიანი სასესხო მხარდაჭრის სახით, რაც თავისთავად განაპირობებს ქვეყნის ფისკალურ მდგრადობას. შეხვედრაზე მინისტრმა დეტალურად ახსნა აღნიშნული თანხების ათვისების ტენდენცია, მიმოიხილა თანამშრომლობის არსებული და სამომავლო სფეროები, ისაუბრა იმაზე თუ რა დადებითი ფისკალური და მაკროეკონომიკური ეფექტი ჰქონდა ბრიუსელის დონორთა კონფერენციის დაპირების მაღალ დონეზე განხორციელებას. შეხვედრა შესაძლებლობას იძლევა, განხილული იქნას ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობის ძირითადი პარამეტრები, დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიეწოდოს ინფორმაცია მთავრობის ძირითად პრიორიტეტებზე. ფინანსთა მინისტრის თქმით, ამგვარი დიალოგი ხელს უწყობს საქართველოს მთავრობისა და დონორ ორგანიზაციების ნაყოფიერ, შედეგზე ორიენტირებულ ურთიერთთანამშრომლობას და ტრანსპარენტულობის პრინციპის გამყარებას.