საქართველოს ეროვნულ ბანკში, რისკის მართვის სფეროში განათლებისა და სერტიფიცირების პროგრამის პირველი ფაზის დასრულებასთან დაკავშირებით, სერთიფიკატების გადაცემის ცერემონია გაიმართა.
რისკის მართვის სფეროში განათლებისა და სერტიფიცირების პროგრამა პირველად საქართველოში 2011 წლის ივნისში დაიწყო საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისა (IFC) და რისკის საკითხებში პროფესიონალთა მსოფლიო ასოციაციის (Global Association of Risk Professionals - GARP) თანამშრომლობით.
პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საფინანსო სექტორის თანამშრომლებს აიმაღლონ ცოდნა რისკის მართვის სფეროში. პროგრამა ხორციელდება რისკის საკითხებში პროფესიონალთა მსოფლიო ასოციაციასთან (Global Association of Risk Professionals - GARP) თანამშრომლობით, რომელიც მსოფლიოში ფინანსური რისკების სატესტო და სასერტიფიკაციო პროგრამების, საგანმანათლებლო ღონისძიებებისა და ტრენინგების სფეროს ლიდერადაა აღიარებული.
რისკის მართვის სფეროში განათლებისა და სერტიფიცირების პროგრამის პირველი ფაზა ითვალისწინებდა ადგილობრივ პარტნიორთა ტრენინგს, რომლებსაც დღეს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.
სათანადო ცოდნით აღჭურვის შემდეგ, სერტიფიცირებული ადგილობრივი პარტნიორები პროგრამის მეორე ფაზის ფარგლებში ტრენინგებს ჩაუტარებენ ბანკებისა და საფინანსო ინსტიტუტების თანამშრომლებს, რაც ხელს შეუწყობს ბანკებისა და საფინანსო ინსტიტუტების გაძლიერებას, რათა მათ ეფექტურად მოახერხონ თავის დაცვა მომავალში შესაძლო ფინანსური კრიზისის დროს.
„საქართველოს ეროვნული ბანკი დაინტერესებულია კომერციულ ბანკებში მაღალი იყოს რისკის ეფექტური მართვის მეთოდების ცოდნა. სწორეად ამ მიზანს ემსახურება ეროვნული ბანკის რეფორმა, რაც რისკებზე ორიენტირებული ზედამხედველობის თანდათანობით დანერგვაში გამოიხატება. ამ მხრივ მნიშვნელოვანია, რომ ტრეინინგში ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობის წარმომადგენლებიც არიან ჩართულნი. ამდენად, სებ-სათვის აღნიშნული პროგრამის ეფექტიანი განხორციელება, განსაკუთრებით მომდევნო, უფრო რთული ეტაპების გათვალისწინებით, მაღალ პრიორიტეტს წარმოადგენს", - განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ოთარ ნადარაიამ.
აღნიშნული ტრენინგები ტარდება ევროპასა და ცენტრალურ აზიაში IFC-ის ფინანსური კრიზისის დაძლევის პროგრამის ფარგლებში, რომელმაც მუშაობა 2009 წელს დაიწყო ავსტრიის განვითარების ბანკთან თანამშრომლობით.