საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ 2011 წლის მეორე კვარტალის ბოლოს -13.3 მლრდ აშშ დოლარი (-22,1 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს -1,8 მლრდ აშშ დოლარით (3.1 მლრდ ლარით) აჭარბებს.
მთლიანი ზრდის 73,6 პროცენტი ოპერაციული ცვლილებით იყო გამოწვეული; 17,9 პროცენტი - საკურსო ცვლილებით; 3,7 პროცენტი - ფასის ცვლილებით; ხოლო 4,8 პროცენტი - სხვა ცვლილებით. 2011 წლის 30 ივნისის მდგომარეობით მთლიანი საერთაშორისო აქტივები 3.8 მლრდ აშშ დოლარია (6,3 მლრდ ლარი). მათში 73.1 პროცენტი სარეზერვო აქტივებს უკავია; 14,0 პროცენტი ნაღდი ფულის და დეპოზიტების წილად მოდის; 7,8 პროცენტს სავაჭრო კრედიტები შეადგენს; 2,8 პროცენტს - სესხები, ხოლო 2,1 პროცენტს - პირდაპირი ინვესტიციები. სარეზერვო აქტივები, წინა წლის მეორე კვარტალთან შედარებით, 894,8 მლნ აშშ დოლარით (1,6 მლრდ ლარით) გაიზარდა, რაც 48.0 პროცენტიან ზრდას შეადგენს და 2011 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 2,8 მლრდ აშშ დოლარს (4,6 მლრდ ლარს) გაუტოლდა. აქედან 751,5 მლნ აშშ დოლარი (1,3 მლრდ ლარი) ოპერაციული ცვლილება იყო, 141,2 მლნ აშშ დოლარი (248,1 მლნ ლარი) - საკურსო, ხოლო 2,1 მლნ აშშ დოლარი (3,7 მლნ ლარი) - სხვა ცვლილება.
რაც შეეხება ვალდებულებებს, საანგარიშო პერიოდისთვის, მთლიანმა ვალდებულებებმა 17,0 მლრდ აშშ დოლარი (28,4 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 2,5 მლრდ აშშ დოლარით ( 4,4 მლრდ ლარით) აღემატება.
პირდაპირი ინვესტორებისადმი ვალდებულებები, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 13,9 პროცენტით გაიზარდა და 8,7 მლრდ აშშ დოლარს (14,4 მლრდ ლარს) გაუტოლდა. პორტფელის ინვესტიციის ვალდებულებები წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 49,3 პროცენტით გაიზარდა, ძირითადად, საქართველოს რკინიგზის მიერ გამოშვებული ევრობონდების ხარჯზე და 1,3 მლრდ აშშ დოლარს (2,1 მლრდ ლარს) გაუტოლდა. აქედან, 550.6 მლნ აშშ დოლარი (967,6 მლნ ლარი) სამთავრობო ევრობონდებია.
წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, სხვა ინვესტიციები საანგარიშო პერიოდის ბოლოსათვის, 17,3 პროცენტით გაიზარდა და 7,1 მლრდ აშშ დოლარი (11,8 მლრდ ლარი) შეადგინა. მასში 5.8 მლრდ აშშ დოლარი (9,7 მლრდ ლარი) სესხებს უჭირავს. ეროვნული ბანკის სასესხო ვალდებულებები 2011 წლის ივნისის ბოლოს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4,0 პროცენტით გაიზარდა, საკურსო ცვლილების ხარჯზე და 665,8 მლნ აშშ დოლარი (1,1 მლრდ ლარი) შეადგინა. სამთავრობო სექტორის სასესხო ვალდებულებები 27,4 პროცენტით გაიზარდა სავალუტო ფონდის კრედიტების და სხვა გრძელვადიანი ვალდებულებების ხარჯზე. საბანკო სექტორის სასესხო ვალდებულებები 7,7 პროცენტით არის გაზრდილი. აქედან, გრძელვადიანი ვალი 6,7 პროცენტით შემცირდა, ხოლო მოკლევადიანი ვალი თითქმის 3-ჯერ გაიზარდა და 252,9 მლნ აშშ დოლარი (421,5 მლნ ლარი) შეადგინა. გასული წლის შესაბამისი პერიოდის მიმართ, ვალდებულებები ნაღდი ფულის და დეპოზიტების სახით 73,3 პროცენტით გაიზარდა.
2011 წლის ივნისის ბოლოსათვის, ეროვნული ბანკის სხვა გრძელვადიანმა ვალდებულებებმა 230,6 მლნ აშშ დოლარი (405,3 მლნ ლარი) შეადგინა, რაც განაწილებულ ნასესხობის სპეციალურ უფლებებს წარმოადგენს.