ოსი სეპარატისტები ახალგორის რაიონის მოსახლეობისათვის გაზსადენის მშენებლობას იწყებენ. განცხადება ამის შესახებ ის სეპარატისტთა ლიდერის ე.წ რწმუნებულმა პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ბორის ჩოჩიევმა ცხინვალში ჩასულ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრაზე გააკეთა.
"ქართული მხრიდან ამ მიმართულებით ეუთოს მიერ გაწეულ ძალისხმევას არავითარი შედეგი არ მოჰყოლია და იგი ამ საკითხის გადაწყვეტის წინააღმდეგ წავიდა, ისევე როგორც ელექტროენერგიის საკითხის გადაწყვეტის წინააღმდეგ", _ განაცხადა ჩოჩიევმა და აღნიშნა, რომ უკვე სამი ზამთრის განმავლობაში ახალგორის რაიონის მაცხოვრებლები ბუნებრივი აირის გარეშე ატარებენ, რაც ჩოჩიევის აზრით 21-ე საუკუნეში ნონსენსია და "პოლიტიკური ინტრიგების გამო ადამიანები ზარალდებიან".
"იმის ნაცვლად, რომ ადამიანებს ცხოვრება შეუმსუბუქოს სააკაშვილი მათ პრობლემებს უქმნით. ეს ეხება არა მხოლოდ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას, არამედ სამხრეთ ოსეთის ყოფილ მოსახლეობასაც, რომლებიც მისი პოლიტიკის გამო, დევნილებად იქცნენ და საქართველოში გაღატაკებულნი არიან.