კახეთში, რთველის მიმდინარეობის პარალელურად, ჰიბრიდული სიმინდის მოსავლის აღება დაიწყო. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ლაგოდეხის რაიონში ფერმერები და გლეხები კარგ მოსავალს ელოდებიან. ჰიბრიდული სიმინდის მოსავლის დასაწყობება ნებისმიერ მსურველს ლაგოდეხის რაიონის სოფელ საქობოში შეუძლიათ, სადაც სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და სოფლის მეურნეობის კორპორაციამ ახალი, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით სასაწყობე მეურნეობა ააშენა. სპეციალურ პოლიეთილენის პარკებში სიმინდი ხანგრძლივად ინახება. ეს საშუალებას აძლევს სიმინდის მწარმოებლებს თავიანთ პროდუქციაზე ფასის გაზრდას დაელოდონ და მაშინ გაყიდონ, როდესაც ეს მათთვის უფრო ხელსაყრელი იქნება. სიმინდის მოსავლის აღებას და დასაწყობებას სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი დაესწრო.
,,1 ოქტომბრიდან ამოქმედდება ცხელი ხაზი და ჩვენი ოფისები რეგიონებში უკვე დაიწყებენ მსურველთა რეგისტრაციას ამ პროგრამებზე. ჩვენ ველოდებით დაინტერესებულ ფერმერებს, რომ რაც შეიძლება სწრაფად დარეგისტრირდნენ, რათა ჩვენ დროულად შევძლოთ მათ მიერ შეკვეთილი სათესლე მასალის ჩამოტანა", - განაცხადა ბაკურ კვეზერელმა.
ლაგოდეხელი ფერმერის, ნოდარ რეხვიაშვილის განცხადებით, ჰიბრიდული სიმინდი 48 ჰექტარზე ჰქონდა დათესილი და ჰეტარზე საშუალოდ 9 ტონა სიმინდის მარცვალი აიღო. ფერმერი სიმინდის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მომავალ წელსაც აპირებს.