26 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით ჟენევაში გაიმართება ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) წევრი სახელმწიფოების 49-ე გენერალური ასამბლეა, რომლის მუშაობაში მონაწილეობას ქართული დელეგაციაც მიიღებს. საქართველოს დელეგაციას საქპატენტის თავმჯდომარე ირაკლი ღვალაძე უხელმძღვანელებს.
დაგეგმილია შეხვედრა ისმოს გენერალურ დირექტორ ფრენსის გარისთან. შეხვედრის ფარგლებში ორ შეთანხმებას მოეწერება ხელი: ისმოსთან - ტექნოლოგიისა და ინოვაციის ხელშეწყობის ცენტრების (TISC) ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით თანამშრომლობის შესახებ და ისმო-ს სამრეწველო საკუთრების ავტომატიზების სისტემის (IPAS) შესახებ.
ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის საპატენტო უწყებების პირველ პირებთან. ხელი მოეწერება თანამშრომლობის მემორანდუმებს დანიის საპატენტო და სასაქონლო ნიშნების უწყებასთან და ისრაელის საპატენტო უწყებასთან.