საქართველოს ეროვნული საკალთბურთო ნაკრების წევრი ვიქტორ სანიკიძე ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის საუკეთესო ათეულში მოხვდა.
"ფიბამ" ჩემპიონატის დასრულებისთანავე ტურნირის საუკეთესო მოთამაშეები დაასახელა, კონტინენტის პირველობის ყველაზე სასარგებლო მოთამაშედ ესპანეთის ეროვნული ნაკრების მოთამაშე ხუან კარლოს ნავარო აღიარეს. გამოვლინდა გათამაშების ათი საუკეთესო მოთამაშეც, რომელთა შორის სანიკიძის გვარიც ფიგურირებს.
"ფიბას" აღიარების გარდა, სანიკიძემ უახლოეს მომავალში შესაძლოა კლუბიც გამოიცვალოს. ქართველი კალათბურთელის შეძენა მადრიდის "რეალს" სურს.
ესპანური კლუბის გარდა, სანიკიძე თურქული "ბეშიქთაშის" ინტერესის სფეროშიც მოხვდა.
"ბეშიქთაშს" ქართველი კალათბურთლის შეძენა ზაფხულშიც სურდა, თუმცა მაშინ ტრანსფერი არ შედგა, ამ დროისთვის სანიკიძე ბოლონიაში იმყოფება და ახალი სეზონისთვის ემზადება.