ხელისუფლების საპენსიო რეფორმა სოციალური სამართლიანობის პრინციპებს ეწინააღმდეგება, ამის შესახებ ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" წევრმა, მაგდალინა ანიკაშვილმა განაცხადა.
დეპუტატის განცხადებით, "ქრისტიან-დემოკრატებისთვის" მიუღებელია, ის ფაქტი რომ რეფორმა მხოლოდ ხანდაზმულ მოქალაქეებს და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს შეეხო და სხვა კეტეგორიაში შემავალ ადამიანებს: მეორე ჯგუფის ინვალიდებს, დედ-მამით ობოლ მოზარდებს, მარჩენალდაკარგულ მოქალაქეებს, ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ოჯახის წევრებს და სხვებს არ შეეხო.
"ქრისტიან-დემოკრატები" მოვითხოვთ, რომ საპენსიო რეფორმა შეეხოს ყველა სხვა კატეგორიის პენსიონერს და დაცული იყოს სამართლიანობის პრინციპი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მთავრობამ უნდა აიღოს ვალდებულება მინიმალური სახელმწიფო პენსიის საარსებო მინიმუმთან გათანაბრების და ეტაპობრივად დაიწყოს ამ ვალდებულების განხორციელება",- განაცხადა მაგდალინა ანიკაშვილმა. მისი თქმით, ეს ვალდებულებები განსაზღვრული უნდა იყოს უკვე 2012 სახელმწიფო ბიუჯეტში.
"ქრისტიან-დემოკრატების" აზრით, სახელმწიფო აპარატის შენახვა ჩვენს ქვეყანას ძვირი უჯდება და სწორედ ამ მიზნისთვის გამოყოფილი თანხების ეკონომია იქნება ის რესურსი, რომლის ხარჯზეც უნდა მოხდეს პენსიების გაზრდა.
მასალის გამოყენების პირობები