სტატისტიკის ეროვნული სამსახური, სტატისტიკური ინფორმაციის არასწორ ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
"საქსტატის" ინფორმაციით, ბოლო პერიოდში ხშირად ადგილი აქვს სტატისტიკური მონაცემების არასწორ ინტერპრეტაციას.
"საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური სტატისტიკურ კვლევებს, მონაცემთა შეგროვებასა და გამოქვეყნებას ახორციელებს საერთაშორისო მეთოდოლოგიის საფუძველზე. "საქსტატის" მიერ გამოქვეყნებული თითოეული მაჩვენებელი მიღებულია საერთაშორისო პრაქტიკაში დანერგილი სტანდარტების შესაბამისად.
აქედან გამომდინარე, პრაქტიკაში მიღებული და ადაპტირებულია თავდაპირველ ეტაპზე კვარტალური და ყოველთვიური კვლევებით წინასწარი მონაცემების დაანგარიშება, ხოლო შემდგომ წლიური კვლევებით მონაცემების დაზუსტება. ეს ძირითადად შეეხება მთლიანი შიდა პროდუქტის და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მონაცემებს. სწორედ ამით აიხსნება სხვაობა წინასწარ და დაზუსტებულ მონაცემებს შორის"- ნათქვამია "საქსტატის" განცხადებაში.
სტატისტიკური ინფორმაციის მომხმარებლებისათვის საქსტატის ვებ-გვერდზე განთავსებულია მთლიანი შიდა პროდუქტის, ინფლაციის, უმუშევრობის, საარსებო მინიმუმის და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გაანგარიშების როგორც მეთოდოლოგია, ასევე მეთოდოლოგიის მოკლე აღწერილობა.
"გარდა ამისა, ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომია შინამეურნეობების კვლევის მონაცემთა ბაზები და სამომხმარებლო ფასების ინდექსები. ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია გაეცნოს აღნიშნულ მასალას და იქვე გამოთქვას საკუთარი მოსაზრება.
"საქსტატს" არასდროს უთქვამს უარი მომხარებლებთან შეხვედრასა და დიალოგზე, ის არ წარმაოდგენს დახურულ ორგანიზაციას და ნებისმიერ თემაზე გამოთქვამს დიალოგის თუ დამატებითი შეხვედრებისა და კონსულტაციების მზადყოფნას"- ნათქვამია განცხადებაში.