საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 14 სექტემბერს მიიღო გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7.5 პროცენტს შეადგენს.
2011 წლის აგვისტოში სამომხმარებლო ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.1 პროცენტით გაიზარდა, ამასთან, საბაზო ეფექტის გავლენით წლიური ინფლაცია 7.2 პროცენტამდე შემცირდა. წლიურ ინფლაციაში კვლავ მაღალია სურსათის გაძვირების წვლილი, რომელიც 5.2 პროცენტულ პუნქტს შეადგენს. კლებას განაგრძობს საბაზო ინფლაციის მაჩვენებლები. კერძოდ, აგვისტოში ინფლაცია სურსათის და ტრანსპორტის გამოკლებით (საბაზო ინფლაცია) -0.1%-ს გაუტოლდა.
როგორც მოსალოდნელი იყო ინფლაციის მაჩვენებელი ბოლო თვეების განმავლობაში განაგრძობს შემცირებას, რაც სავარაუდოდ მომდევნო თვეების განმავლობაშიც გაგრძელდება. არსებული პროგნოზებით მოსალოდნელია, რომ ინფლაცია მიმდინარე წლის ბოლოს მიზნობრივი მაჩვენებელის ფარგლებში იქნება.
აღსანიშნავია, ბოლო პერიოდის განმავლობაში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების ზრდა, განსაკუთრებით იურიდიულ პირებზე გაცემული სესხების შემთხვევაში. ეკონომიკის დაკრედიტება ეროვნული ვალუტით ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას ნაკლები რიკსების დაგროვებით.
ბოლო პერიოდის განმავლობაში სტაბილურია ეკონომიკური აქტივობის ზრდა. კომიტეტის წინა სხდომებზე საპროცენტო განაკვეთების შემცირება ეკონომიკურ აქტივობაზე ჯერ სრულად არ არის ასახული. შესაბამისად კომიტეტმა ამ ეტაპზე მიიღო საპროცენტო განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება.
საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2011 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება.