საქართველომ იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსთან (JICA) საგრანტო პროექტის "მზის ელექტროენერგიის გამომუშავების სისტემის მეშვეობით სუფთა ენერგიის დანერგვის" განხორციელების თაობაზე ხელშეკრულება გააფორმა. გრანტის ოდენობაა 480 მილიონი იაპონური იენია (დაახლოებით 5 მილიონი აშშ დოლარი).
იაპონიის მთავრობის საგრანტო პროექტი "მზის ელექტროენერგიის გამომუშავების სისტემის მეშვეობით სუფთა ენერგიის დანერგვასთან" დაკავშირებით ითვალისწინებს ფოტოელექტრონული პანელების (მზის პანელების) დამონტაჟებას და, შესაბამისად, მიღებული ელექტროენერგიის გამოყენებას. პროექტი ეხმაურება კლიმატური ცვლილებების გლობალურ პრობლემატიკას - ე.წ. "მერების შეთანხმებას", რაც ითვალისწინებს 2020 წლისთვის სათბური გაზების (CO2)-ის ემისიების მინიმუმ 20%-ით შემცირებას. აღნიშნულ შეთანხმებას თბილისიც არის მიერთებული.
საქართველოს მთავრობის 7 სექტემბრის განკარგულების შესაბამისად, გრანტის მიმღებ ორგანიზაციებად განისაზღვრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. კერძოდ, მზის პანელები განთავსდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და შ.პ.ს. "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" ტერიტორიებზე.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ აღნიშნა, საქართველოს აქვს მზის ენერგიის გამომუშავების დიდი პოტენციალი, აღნიშნული პროექტი კი ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყანაში ეკოლოგიურად სუფთა ახალი ტექნოლოგიების შემოსვლას. ვერა ქობალიას განცხადებით, მზის ენერგოპანელების დამონტაჟების შედეგად, აეროპორტს მკვეთრად შეუმცირდება ხარჯები. "მიხარია, რომ სუფთა ენერგიის დანერგვის მიმართულებით საქართველო რეგიონში ერთ-ერთი ლიდერი გახდება", - აღნიშნა მინისტრმა.