კომპანია IDS Borjomi International-ი, მინერალური წყლის, "ბორჯომის" რუსეთის ბაზარზე დაბრუნებასთან დაკავშირებით, დღეს მორიგ განცხადებას ავრცელებს.
"ბორჯომის" გარშემო ბოლო პერიოდში გავრცელებული სხვადასხვაგვარი ინფორმაციის დასაზუსტებლად კომპანია IDS Borjomi International აცხადებს, რომ კომპანიას აქვს ყველა ტექნოლოგიური საშუალება და სამართლებრივი საფუძველი იმისთვის, რათა დააკმაყოფილოს რუსეთის ბაზრის მოთხოვნა "ბორჯომის" მინერალურ წყალზე. დღესდღეობით "ბორჯომის" გადატვირთვები რუსეთის ბაზრის მიმართულებით არ ხორციელდება, ვინაიდან არ არსებობს ნებართვა რუსეთის ფედერაციის ზედამხედველობის ფედერალური სამსახურიდან (Роспотребнадзор)", - ნათქვამია კომპანიის მიერ დღეს განცხადებაში.
"ბორჯომი" რუსულ ბაზარზე დასაბრუნებლად მზადაა, თუკი საქართველოსა და რუსეთის სათანადო უწებებს შორის აღნიშნულ საკითხთთან დაკავშირებით მოხდება შეთანხმება, ანალოგიური შინაარსის განცხადება კომპანიამ 2 დღის წინ გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ "ბორჯომი" საერთაშორისო სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს.
"რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე "ბორჯომის" გაყიდვის აღდგენის საკითხი "ბორჯომის" სათავო ოფისის IDS Borjomi International-ის კომპეტენციაა. ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლებთან "ბორჯომის" სათავო ოფისის წარმომადგენლები 2006 წლიდან აწარმოებენ. 2006 წლიდან დღემდე "ბორჯომის" სათავო ოფისმა არაერთხელ შეიტანა განაცხადი რუსეთის ფედერაციის ზედამხედველობის ფედერალურ სამსახურში "ბორჯომის" რუსეთის ფედერაციის ბაზარზე დაბრუნების მოთხოვნით. "ბორჯომის" მინერალური წყალი სრულად აკმაყოფილებს საქართველოს, რუსეთისა და ევროგაერთიანების ყველა რეგულაციასა და მოთხოვნებს. კომპანიას გააჩნია ყველა სათანადო ტექნოლოგიური ბაზა და სამართლებრივი საფუძველი იმისათვის, რათა განაახლოს მიწოდებები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, თუკი საქართველოსა და რუსეთის სათანადო უწებებეს შორის მოხდება შეთანხმება აღნიშნულ საკითხთთან დაკავშირებით",- ნათქვამია IDS Borjomi International-ის განცხადებაში.
6 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ როსპოტრებნადზორმა "IDS ბორჯომს" უკვე მიაწოდა შესაბამისი ინფორმაციები "ბორჯომის" ხარისხის მოთხოვნასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ როსპოტრებნადზორი ჩაატარებს საწარმოს ინსპექციას და გამოიკვლევს "ბორჯომის" ნიმუშებს.
როგორც ონიშენკოს უწყება იტყობინება, ამის შემდეგ გადაწყდება "ბორჯომის" რუსეთის ბაზარზე დაბრუნების საკითხი.
როგორც რუსეთის მთავარმა სანიტარმა გენადო ონიშენკომ განაცხადა, რუსული მხრიდან არ არსებობს ხელოვნური ბარიერები "ბორჯომის" ბაზარზე დასაბრუნებლად.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ონიშენკოს უწყებამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "IDS ბორჯომმა" მის უწყებას მინერალური წყლის "ბორჯომის" რუსეთის ბაზარზე დაბრუნების თხოვნით მიმართა. საქართველოს საგარეო უწყება კი რუსეთის ბაზარზე დაბრუნების თხოვნით "როსპოტრებნადზორისთვის" ქართული კომპანიების მიმართვას არ ადასტურებს.
"ჩვენ მიერ გადამოწმებული ინფორმაციით, ასეთ მიმართვას ადგილი არ ჰქონია. ადგილი აქვს რუსეთის მხრიდან მორიგ სპეკულაციას", - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე.
მინისტრის მოადგილის შეფასებით, რუსეთი ვმო-ში მისი გაწევრიანების თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებების პარალელურად მიზანმიმართულად ცდილობს შექმნას "პოზიტიური ფონი", თითქოს ის ქართული პროდუქციის რუსეთის ბაზარზე დასაბრუნებლად მზადაა.
"ემბარგოს საკითხი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას არანაირად არ უკავშირდება. ქართული მხარე ემბარგოს მოხსნას წინაპირობად არ აყენებს. ეს ჩვენი დაინტერესების საკითხი არ არის და როგორც ირკვევა, არც ქართული კომპანიების ინტერესებში შედის. ვმო-ში რუსეთის გაწევრიანება ორგანიზაციის წევრი ქვეყნებისთვის ემბარგოს მოხსნას ისედაც გულისხმობს", - განმარტა მინისტრის მოადგილემ.