აჭარაში საწარმოებმა კენკროვანი ხილის ნაყოფის მიღება დაიწყეს. მოცვის ჩაბარება და მისი საექსპორტოდ რეალიზება რეგიონის რამდენიმე საწარმოში ხდება. მიმდინარე სეზონზე სავარაუდოდ 550 დან 600 ტონამდე მოცვის ნაყოფის დამზადება იქნება შესაძლებელი.
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში ველური კენკროვანი ხილის ნაყოფის დამზადებით მოცვი პირველ ადგილზეა. ბოლო წლების განმავლობაში რეგიონში მოცვის ნაყოფის დამზადება გაიზარდა და გასული წლის მაჩვენებელმა 400 ტონას მიაღწია. რეგიონში მოცვის ნაყოფის დამზადებას რამოდენიმე კომპანიაა ახორციელებს, მათ შორის ,,არომა პროდუქტი'' ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა, რომლის მიერ გასულ წელს დამზადებული იქნა 200 ტონაზე მეტი მოცვის ნედლი ნაყოფი, რომელიც პირველადი გადამუშავების შედეგად (მშრალი, ან გაყინული) რეალიზებული იქნა ექსპორტზე. გასულ წელს მოცვის ნაყოფის შესასყიდი ფასი მოსახლეობაში საშუალოდ 1.30 ლარს შეადგენდა.
სამინისტროში განმარტავენ, რომ წინასწარი მონაცემებით მიმდინარე სეზონი მაღალმოსავლიანია სავარაუდოდ 550 დან 600 ტონამდე მოცვის ნაყოფის დამზადება იქნება შესაძლებელი რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მოცვის დამზადებაში ჩართულ ფერმერთა ფინანსურ შემოსავლებს და გაზრდის რეგიონის საექსპორტო პოტენციალს.
მოცვის ნაყოფის დამზადება დაიწყო სექტემბრის პირველი რიცხვებიდან და კომპანია ,,არომა პროდუქტი'' მის მიღებას აწარმოებს შპს ხილის კომპანია ''ნარინჯში'', 7 სექტემბრისათვის გადასამუშავებლად ფერმერებისაგან შესყიდულია 5 ტონა მოცვი.
უხვი მოსავალი ქედის რაიონში ზღვის დონიდან 900-1600 მეტრის სიმაღლეზე მოდის. ქედის მუნიციპალიტეტის, სოფელ ოქტომბრის მთაში მოცვის შეგროვებაზე დასაქმებულია 200-250 ოჯახი, ქედის გარდა შემსყიდველი კომპანიები მოცვის შესყიდვას შუახევსა და ხულოშიც ახორციელებენ.
მოცვის მიღება გადამუშავებით სოფლის მეურნეობის მინისტრი დონარა სურმანიძე უკვე დაინტერესდა.
მინისტრის განცხადებით, რეგიონისათვის პრიორიტეტული მიმართულება არის კენკროვნების წარმოების მოცულობის გაზრდა, ვინაიდან კენკროვნები მაღალ შემოსავლიან კულტურებს მიეკუთვნება. ამ მიზნით რეგიონში ხორციელდება სამი საინვესტიციო პროექტი კულტურული მოცვის პლანტაციების გაშენების მიმართულებით, აქვე მოეწყობა სანერგე მეურნეობა, საიდანაც სერთიფიცირებული სანერგე მასალის შესყიდვა ფერმერებს უახლოეს პერიოდში შეეძლებათ.
მასალის გამოყენების პირობები