ხვალ, 8 სექტემბერს, აჭარის მთავრობა ციტრუსების, სამკურნალო მცენარეებისა და ხეხილოვანი ნაყოფების მიმღები პუნქტის მოწყობად ინვესტორს გამოავლენს. ამ მიზნით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონზე "ქობულეთის სამკურნალო მცენარეების დამზადების გაერთიანების" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული 80%-იანი წილი გამოიტანა, რომლის საწესდებო კაპიტალიც 80 ათას ლარს შეადგენს.
"ქობულეთის სამკურნალო მცენარეების დამზადების გაერთიანებას კრედიტორული დავალიანებაც აქვს. სამინისტროს ინფორმაციით, მას 1907.45 ლარი საბიუჯეტო დავალიანება (რომელსაც ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ერიცხება საურავი) და 22 007 ლარი გრძელვადიანი სასესხო ვალდებულება ერიცხება. "ქობულეთის სამკურნალო მცენარეების დამზადების გაერთიანების" საწყისი ღირებულება 80 ათასი ლარია და მის გასხვისება 8 სექტემბრისთვის ჩანიშნულ აუქციონზე იგეგმება.
პირობებიანი აუქციონის თანახმად, ინვესტორი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 თვის ვადაში შპს "ქობულეთის სამკურნალო მცენარეების დამზადების გაერთიანების" საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე ციტრუსების, სამკურნალო მცენარეების და სხვა ხეხილოვანი ნაყოფების მიმღები პუნქტი მოაწყოს. ასევე 0,8 ჰექტარზე სასათბურე მეურნეობა გააშენოს. პროექტის განსახორციელებლად, ინვესტორს ევალება ასევე არა ნაკლებ 200 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება; საპრივატიზაციო პირობების თანახმად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 თვის შემდეგ, მომდევნო 5 წლის განმავლობაში, საწარმოში არა ნაკლებ საქართველოს 20 მოქალაქის დასაქმება.
მყიდველი ვალდებულია, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არანაკლებ 20 წლის განმავლობაში, შპს "ქობულეთის სამკურნალო მცენარეების დამზადების გაერთიანების" საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გამოიყენოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით და აღნიშნულ ნაკვეთზე ააშენოს მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისათვის საჭირო შენობა-ნაგებობანი.