კონფლიქტოლოგ გოგი ხუციშვილის აზრით, ვინც არ უნდა გახდეს აფხაზეთის დე ფაქტო ახალი ლიდერი, ის მოსკოვის პოზიციის ალიკვალი იქნება.
„ე.წ. პრეზიდენტობის ორივე სავარაუდო კანდიდატი: ანქვაბიცა და სერგეი შამბაც ქვეყნის შიგნით ურთიერთობის აგების თვალსაზრისით უფრო კონსერვატორები არიან, ვიდრე ბაღაფში იყო . თუმცა, თავის დროზე, ბაღაფზეც არასწორი წარმოდგენა იყო შექმნილი, რომ ის უფრო ხისტი იქნებოდა მოსკოვთან ურთიერთობაში, ვიდრე არჩევნებში მისი მოწინააღმდეგე ხაჯინბა და სწორედ ამის გამო მისცა ბაღაფშს უპირატესობა აფხაზმა ხალხმა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, აფხაზეთის უკვე გარდაცვლილი დე ფაქტო ლიდერი რუსეთთან ბევრ რამეში დამთმობი იყო და მეტიც, ამის გამო მას ხაჯინბაც კი აკრიტიკებდა. საბოლოოდ, ხაჯინბა უფრო კრიტიკული გამოდგა რუსეთის პოლიტიკის მიმართ. ამიტომაც, ვფიქრობ, რომ ვინც არ უნდა გახდეს დე ფაქტო ლიდერი, ის მოსკოვის პოზიციის ალიკვალი იქნება, მათ შორის შამბაც და ანქვაბიც. ეს ორი ადამიანი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დადგეს აფხაზი ხალხის მოწოდების სიმაღლეზე, თუკი, მაგალითისთვის, რუსეთი კვლავ მოახდენს ზეწოლას შეცვალოს ის კანონი, რომელიც აფხაზეთს საკუთარი მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეზე გაყიდვას უკრძალავს", - განუცხადა გოგი ხუციშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს".
ამასთან, მისივე აზრით, ახალ ლიდერად სერგეი შამბას ან ალექსანდრე ანქვაბის არჩევის შემთხვევაში სოხუმის საქართველოსთან დამოკიდებულება მხოლოდ გამკაცრდება.
„მგონია, რომ სერგეი ბაღაფშის გარდაცვალებითა და ახალი ლიდერის არჩევით ვითარება მხოლოდ აფხაზეთში შეიცვლება, თუმცა რა მიმართულებით, ეს იქნება დამოკიდებული იმაზე, ვინ გაიმარჯვებს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში. ახალი ლიდერის არჩევა საქართველოსთან აფხაზეთის დამოკიდებულებაზე, სავარაუდოდ, არ იმოქმედებს, ყოველშემთხვევაში დადებითი კუთხით. პირიქით, თუ ე.წ. პრეზიდენტი ანქვაბი ან შამბა გახდა, მგონია, რომ საქართველოსთან აფხაზეთის დამოკიდებულება გამკაცრდება. ამასთან, მეორეს მხრივ, არ უნდა დაგვავიწყდეს ოფიციალური თბილისის პოზიციაც, რომელიც აფხაზეთს, როგორც მხარეს არ აღიარებს და მას მხოლოდ რუსეთის მარიონეტად მიიჩნევს", - განმარტა კონფლიქტოლოგმა.
შეგახსენებთ, რომ სეპარატისტულ აფხაზეთში დღეს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.