საერთაშორისო საკითხებში ექსპერტ კახა გოგოლაშვილის შეფასებით, ნატომ ლიბიასთან დაკავშირებული მისია წარმატებით შეასრულა, პროცესის დროში გაწელვა კი, ორგანიზაციის სისუსტეზე არ მიუთითებს.
"მიზნები, რომლებიც ნატოს ჰქონდა დასახული, პრაქტიკულად შესრულებულია. უბრალოდ, თვითონ საზოგადოებაში არსებობდა ოპერაციასთან დაკავშირებით გაცილებით დიდი მოლოდინი, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი სწრაფად მოახდენდა გარდატეხას ლიბიაში მიმდინარე დაპირისპირებაში. არადა, ნატოს მანდატს რომ შევხედოთ, ის საკმაოდ შეზღუდული იყო. ორგანიზაციას არ ჰქონდა ლიბიაში სრულმასშტაბიანი ოპერაციის ჩატარების უფლება და არ იყო მიმართული იმისკენ, რომ კადაფის რეჟიმი ჩამოეგდო. ნატოს უბრალოდ უნდა აღეკვეთა კადაფის რეჟიმის მიერ საკუთარი მოქალაქეების უმოწყალოდ ხოცვა და გაენადგურებინა მისი სტრატეგიული სამხედრო ინფრასტრუქტურა", - განუცხადა კახა გოგოლაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს".
აღნიშნულ კონტექსტში, ექსპერტი მიიჩნევს, რომ ლიბიაში მიმდინარე სამოქალაქო ომის დროში გაწელვაში ნატოს დადანაშაულება და ორგანიზაციის სისუსტეზე საუბარი, არასწორია.
"ნატოს სისუსტეზე ლაპარაკი არასწორია. სხვა საკითხია ლიბიასთან მიმართებაში მთლიანად დასავლეთის პოლიტიკაზე საუბარი, რომელშიც სუსტი მხარეები აშკარად გამოჩნდა. შეიძლება ითქვას, რომ რაღაც გათვლები არ იყო მთლიანად სწორად გაკეთებული. მაგალითად: დასავლეთმა ვერ გათვალა, რომ კლადაფის ამხელა მხარდაჭერა ექნებოდა და აჯანყება ფართომასშტაბიან დაპირისპირებაში გადაიზრდებოდა, თუმცა, მთლიანობაში, პოლიტიკა სწორი იყო", - განმარტა ექსპერტმა.
შეგახსენებთ, რომ ლიბიაში რამდენიმეთვიანი სამოქალაქო ომი ფინალურ ფაზაში შედის. ქვეყნის მმართველმა მუამარ კადაფიმ ძალაუფლება, ფაქტობრივად დაკარგა, რადგან ამბოხებულებმა ყველა ქალაქისა და სტრატეგიული ობიექტების დაკავება შესძლეს.