მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით და თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით, მიმდინარე წლის 13 აგვისტოს, დაბა თიანეთში სახალხო დღესასწაული "თიანეთობა 2011" გაიმართება.
სახალხო დღესასწაული დაბა თიანეთში რამოდენიმე წელია ტრადიციულად ყოველ აგვისტოს ტარდება და იქ მისულ სტუმრებს, მთელი დღის მანძილზე უამრავ მრავალფეროვან სანახაობას სთავაზობს. Fფესტივალის ჩატარება მიზნად ისახავს ქართული-ხალხური ტრადიციების აღდგენას, ტურიზმის ხელშეწყობას ტურისტული და საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის.
წელსაც სახალხო დღესასწაული დაბა თიანეთში არსებულ ვაჟა-ფშაველას სახელობის კულტურისა და დასვენების პარკში 12.00საათზე დაიწყება, სადაც უამრავი სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი:
13.00 საათზე ჩატარდება სპორტულ-გასართობი ღონისძიებები, როგორიცაა: დოღი, ქართული ჭიდაობა და მკლავჭიდი, ქართულ საბრძოლო ხელოვნებას წარმოადგენს ხრიდოლი, გაიმართება ასევე საბავშვო გასართობი პროგრამა, ღონისძიებაზე მოსული სტუმრების წინაშე, საკუთარი შემოქმედებით წარსდგებიან რეგიონში არსებული სხვადასხვა ფოლკლორული ანსამბლები, მოეწყობა სახალხო კონკურსები ლუდის სმასა და ხინკლის ჭამაში, ბავშვებისათვის გაიმართება საცირკო წარმოდგენები, ფესტივალზე მოსულ სტუმრებს, საშუალება ექნებათ დააგემოვნონ ადგილზე მომზადებული ქართული ტრადიციული კერძები. ხოლო მოგვიანებით, ქართული ესტრადის ვარსკვლავების მიერ გალა კონცერტი გაიმართება, რომელიც 18,00 საათზე დაიწყება და "თიანეთობა 2011" -ის სახალხო დღესასწაულის დამსწრე საზოგადოებას სასიამოვნო საღამოს გატარებას ჰპირდება.