რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კიდევ ორი, მეექვსე და მეშვიდე სამხედრო ქალაქი გაიხსნა. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, სამხედრო ქალაქები ზნაურის რაიონის სოფლებში, ვახტანასა და ბალთაში გაიხსნა. გახსნის ცერემონიალს ოს სეპარატისტთა ლიდერი ედუარდ კოკოითი ესწრებოდა. მიმდინარე წლის ბოლოსთვის კიდევ 12 ასეთი სამხედრო ობიექტის აგება და ექსპლუატაციაში ჩაბარება იგეგმება.
შეგახსენებთ, რომ ცხინვალის რეგიონში პირველი სამხედრო ქალაქი 2010 წლის 30 ივლისს ცხინვალში მეოთხე რუსული საოკუპაციო ბაზის ტერიტორიაზე გაიხსნა. მეორე და მესამე სამხედრო ქალაქები 2010 წლის 14 დეკემბერს მუგუთისა და ზივლეთის დასახლებულ პუნქტებში, ხოლო მეოთხე სამხედრო ქალაქი - 2011 წლის 5 მარტს ზნაურის რაიონში გაიხსნა. მეხუთე სამხედრო ქალაქი 2011 წლის სოფელ გრომში გაიხსნა.
მათი ინფორმაციით, 2012 წლისათვის "კეთილმოწყობილი უნდა იყოს საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის საზღვარი და ეს კეთილმოწყობა კიდევ ორი ობიექტის - რუსეთის "ეფ-ეს-ბეს" სასაზღვრო სამმართველოს აპარატის კომპლექსის შენობის მშენებლობითა და ძირითადი საინჟინრო ნაგებობების საზღვრის გახსნით უნდა დასრულდეს".
ცხინვალის რეგიონში სულ 19 ასეთი სამხედრო ქალაქი უნდა აშენდეს, გარდა ამისა, ცხინვალში უნდა დაარსდეს სასაზღვრო სამმართველოს კომპლექსი.
რაც შეეხება რუსი ოკუპანტების "საქმიანობას" აფხაზეთის ტერიტორიაზე იქ ოთხი სამხედრო ქალაქის გახსნილი.
აღსანიშნავია, რომ სამხედრო ქალაქებში არის საცხოვრებელი კორპუსები, სათამაშო მოედნები, საბავშვო ბაღები და რუსული საოკუპაციო ჯარის წარმომადგენელთათვის და მათი ოჯახის წევრების ცხოვრებისთვის საჭირო პირობებია შექმნილი. სულ სეპარატისტულ აფხაზეთში რუსეთი კიდევ 16 ასეთი ქალაქის აშენებას გეგმავს.