ცხინვალსა და სოხუმში მიმდინარე წლის ბოლომდე რუსეთის მეცნიერებისა და კულტურის ცენტრები გაიხსნება. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, შესაბამისი განკარგულებები მთავრობის ინტერნეტგვერდზეა განთავსებული.
დოკუმენტებში ნათქვამია, რომ ამგვარი ცენტრების დაარსება ე.წ. მთავრობათაშორისი შეთანხმებებით არის გათვალისწინებული. მათივე ინფორმაციით, ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში რუსეთის მეცნიერებისა და კულტურის ცენტრების გახსნისა და შენახვის ხარჯები 2011 წლიდან დაწყებული საბიუჯეტო ასიგნაციებით განხორციელდება.
სამთავრობო განკარგულება ავალებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, "როსსოტრუდნიჩესტვოს" და რუსეთის ფინანსთა სამინისტროს, გაითვალისწინონ ეს ხარჯები ფედერალური ბიუჯეტის პროექტის ფორმირებისას, რომელიც მორიგ ფინანსურ წელზე და გეგმიურ პეროიდზე იქნება გათვლილი.