ოს სეპარატისტთა ლიდერი ედუარდ კოკოითი რუსეთთან სამოკავშირეო სახელმწიფოს შექმნის იდეით გამოდის.
"სამხრეთ ოსეთი რუსეთს თავის სტრატეგიულ პარტნიორად და მოკავშირედ განიხილავს და ამიტომაც მასთან სამოკავშირეო სახელმწიფოს შექმნას აპირებს", _ განაცხადა ოს სეპარატისტთა ლიდერმა ედუარდ კოკოითმა იაპონურ გაზეთთან "მაინიტი"-სთან საუბარში.
"ჩვენ დამოუკიდებელ სახელმწიფოს ვაშენებთ, რომლის ხალხს ყოველთვის ემახსოვრება ის ფასდაუდებელი დახმარება, რომელიც მათ რუსეთის ფედერაციამ გაუწია და რა თქმა უნდა ჩვენ ვეწრაფვით მასთან სამოკავშირეო სახელმწიფოს შექმნას. რუსეთი ყოველთვის იყო და დარჩება ჩვენთვის სტრატეგიული პარტნიორი და მოკავშირე", _ აცხადებს იგი.
კითხვაზე პასუხის გაცემისას შესაძლებელია თუ არა ჩრდილო ოსეთთან ერთ სახელმწიფოდ გაერთიანება და ამ ერთიანი სახელმწიფოს შესვლა რუსეთის ფედერაციაში კოკოითი პასუხობს, რომ - "რუსეთს სხვისი ტერიტორიები არაფერში სჭირდება და ჩვენი რესპუბლიკის ტერიტორიის ანექსიის სურვილი მას არ აქვს".
"2008 წლის აგვისტომდე სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთის გაერთიანების საკთხი ძალიან აქტუალური იყო, მაგრამ თავისი გაუაზრებელი და აგრესიული პოლიტიკით საქართველოს პრეზიდენტმა ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა და ქართველმა შევარდნებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფო გამხდარიყო.
მოცემულ შემთხვევაში მე შემიძლია დაბეჯითებით ვთქვა, რომ ჩვენ მათ ვაჯობეთ ყველა მიმართულებით და მაინც მივაღწიეთ დამოუკიდებლობას და საერთაშორისო აღიარებას. დღეს ჩვენ დამოუკიდებელ სახელმწიფოს ვაშენებთ", _ აცხადებს ოს სეპარატისტთა ლიდერი და აღნიშნავს, რომ რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო განვითარდეს.