ფოტორეპორტიორ ზურაბ ქურციკიძეს, პროკურატურის საბოლოო გადაწყვეტილებით, კვლავ ჯაშუშობის ბრალდებით გაასამართლებენ.
სისხლის სამართლის კოდექსის 314- მუხლის პირველი ნაწილი - ესაა კვალიფიკაცია, რომელიც ქურციკიძის საქმეს მიეცა.
საქმეზე მომუშავე პროკურორ გურგენიძის დასკვნით, "ზურაბ შოთას ძე ქურციკიძემ (დაბ. 1973 წლის 01 იანვარს, პ/ნ 01013025931) ჩაიდინა ჯაშუშობა, ე.ი. უცხო ქვეყნისათვის საქართველოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი დოკუმენტის და სხვაგვარი მონაცემების შეგროვება, შენახვა და გადაცემა, აგრეთვე საქართველოს ინტერესის საზიანოდ უცხო ქვეყნის დაზვერვის დავალებით სხვა ინფორმაციის შეგროვება და გადაცემა, რაც გამოიხატა შემდეგში: 2004 წელს (ზუსტი თარიღი უცნობია) საქართველოს მოქალაქე ზურაბ ქურციკიძე, ქალაქ მოსკოვში სამსახურებრივი მივლინების დროს, 1000 აშშ დოლარის აღებისა და შემდგომში გასამრჯელოს დაპირების საფუძველზე, კონფიდენციალური (აგენტურული) თანამშრომლობისათვის გადაბირებულ იქნა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (შემდგომში - მთავარი სადაზვერვო სამმართველოს) საქართველოში მყოფი კოორდინატორის ამჟამად, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჯაშუშობის ბრალდებით ძებნილი ანატოლი სინიცინის მიერ. მან იკისრა ვალდებულება, საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში, დახმარება აღმოეჩინა რუსეთის ფედერაციის დასახელებული სადაზვერვო სამსახურისათვის საქართველოს წინააღმდეგ მიმართული სადაზვერვო-ოპერატიული საქმიანობის განხორციელებაში. ამ მიზნით, ანატოლი სინიცინის უშუალო ორგანიზებით, ზურაბ ქურციკიძემ დაამყარა ფარული ურთიერთობა მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ქ.თბილისის რეზიდენტურის ხელმძღვანელთან სერგეი ოკროკოვთან და მითითებული სამმართველოს საფარქვეშ მოქმედ, რუსეთის ფედერაციის მოქალაქესთან ფსევდონიმით ალექსეი (შემდეგში ალექსეი), რომლისგანაც სისტემატურად ღებულობდა დავალებებს საქართველოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ცნობებისა და სხვა მონაცემების მოპოვების და მათთვის გადაცემის თაობაზე. აღნიშნულის სანაცვლოდ ზურაბ ქურციკიძეს ალექსეი პერიოდულად უხდიდა ფულად სახსრებს. ზურაბ ქურციკიძეს, ასევე, ხშირი სატელეფონო კავშირი ჰქონდა უშუალოდ ანატოლი სინიცინთან".
"ზურაბ ქურციკიძემ, სადაზვერვო ამოცანების გადასაწყვეტად, მატერიალური სარგებლის შეთავაზებით, ერთობლივი ჯაშუშური საქმიანობისთვის დაიყოლია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ოპერატორი ირაკლი გედენიძე და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე, რომელიც, თავის მხრივ, 2000 წელს ცხინვალის რეგიონში სამსახურებრივი მივლინებით ყოფნისას, ე.წ. ოსეთის უშიშროების კომიტეტის მუშაკების ხელშეწყობით, კონფიდენციალური (აგენტურული) თანამშრომლობისათვის გადაიბირეს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლებმა. ირაკლი გედენიძემ და გიორგი აბდალაძემ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელების პროცესში, შეძლეს უმაღლესი თანამდებობის და საერთაშორისო დაცვით მოსარგებლე პირების უსაფრთხოების ორგანიზების, მათი გადაადგილების მარშრუტების, შეხვედრების განრიგების და გეგმების, აგრეთვე სხვა სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ცნობების შეგროვება, მათ შორის ცალკეული საიდუმლო დოკუმენტების ფოტოგადაღება, რასაც ზურაბ ქურციკიძის მეშვეობით გადასცემდნენ მთავარ სადაზვერვო სამმართველოს. 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ალექსეის მითითებით, ზურაბ ქურციკიძემ და გიორგი აბდალაძემ, საომარი მოქმედებების ზონაში, გადაიღეს საქართველოს სამხედრო ძალისა და ტექნიკის გადაადგილების, დისლოკაციის, ჯარისკაცების მორალური მდგომარეობის და ა.შ. ამსახველი ფოტომასალა, რაც მიაწოდეს მთავარ სადაზვერვო სამმართველოს. ზურაბ ქურციკიძე ალექსეისგან მიღებულ ფულს უნაწილებდა ირაკლი გედენიძესა და გიორგი აბდალაძეს. ზურაბ ქურციკიძეს და ირაკლი გედენიძეს დანაშაულებრივი ქმედებების განხორციელებაში ეხმარებოდა ამ უკანასკნელის მეუღლე ნათელა გედენიძე. 2011 წლის 07 ივლისს ზურაბ ქურციკიძე დაკავებულ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ და მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია მთავარი სადაზვერვო სამმართველოსათვის გადასაცემად განკუთვნილი ინფორმაცია, მათ შორის, 3 ცალი ჩD დისკი, რომლებშიც ჩაწერილია სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი მონაცემები. ე.ი. მან ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით. საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებანი: ზურაბ ქურციკიძის, გიორგი აბდალაძის საცხოვრებელი ბინების და ირაკლი გედენიძის სამუშაო ოთახის ჩხრეკის ოქმები და ჩხრეკისას ამოღებული ნივთები (აღნიშნულით დადასტურებულია, რომ ზურაბ ქურციკიძეს და ირაკლი გედენიძეს მოპოვებული და ჩD დისკზე შენახული ჰქონდათ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია, რაც მათ, თავის მხრივ, გადასცეს ზურაბ ქურციკიძეს), ინფორმაცია ანატოლი სინიცინს, სერგეი ოკროკოვსა და ზურაბ ქურციკიძეს შორის სატელეფონო ნომერზე შემომავალ-გამავალი ზარების შესახებ, ბრალდებულ ზურაბ ქურციკიძის, გიორგი აბდალაძის, ირაკლი გედენიძის და ნათელა გედენიძის დეტალური აღიარებითი ჩვენებები და საქმეში არსებული სხვა მასალები, საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ ზურაბ ქურციკიძემ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით. ვიხელმძღვანელე რა საქართველოს სსსკ-ის 169-ე მუხლით,- დ ა ვ ა დ გ ი ნ ე: 1. ზურაბ ქურციკიძე ცნობილი იქნეს ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით. 2. ზურაბ ქურციკიძეს აღნიშნული დადგენილება გაეცნოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის საგამოძიებო ნაწილის გამომძიებლის მეშვეობით", - ნათქვამია პროკურორის დასკვნაში.