სტიქიამ ხულოს რაიონის სოფელი რაქვთა გარესამყაროს მოწყვიტა. ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებული მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა და სოფელი დააზარალა. დატბორილი და განადგურებულია ნათესები, დაზიანებულია საავტომობილო გზები.
ადიდებულმა მდინარემ წაიღო საცალფეხო ხიდი, ორი ოჯახი კი მეწყერსაშიშ ზონაში აღმოჩნდა, რის გამოც მათი სასწრაფო ევაკუაცია გახდა საჭირო. ამ დროისთვის სოფელში შეუძლებელია საავტომობილო მიმოსვლა.
სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებას აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი ომარ მეგრელიძე ადგილზე გაეცნო. ამ დროისთვის სოფელ რაქვთაში მობილიზებულია მძიმე ტექნიკა, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.