თელავში სასმელი წყლის სათავე ნაგებობა დაბინძურებულია. როგორც ადგილობრივებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, სასმელი წყლის ავზში მღრღნელები და ქვეწარმავლები ჩადიან.
პარტია „თავისუფალი საქართველოს" კახეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი მოსიაშვილი კი აცხადებს, რომ მან სასმელი წყლის სათავე ნაგებობა სპეციალისტებთან ერთად დაათვალიერა. მისივე თქმით, სპეციალისტებმა უთხრეს, რომ სასმელი წყლის ავზი ეპიდემიის გავრცელების საფრთხეს ქმნის.
„წყალის ავზი საგანგაშო მდგომარეობაშია. მდგომარეობა არ შეესაბამება არანაირ სტანდარტებს. წვიმის შემთხვევაში რეზერვუარში ჩაედინება ნარეცხი წყლები, რაც როგორც სპეციალისტებმა მითხრეს, ქალაქში ეპიდემიის გავრცელების სერიოზულ საშიშროებას ქმნის", - განაცხადა გიორგი მოსიაშვილმა.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის კახეთის ფილიალის მენეჯერი ფარნა მაყაშვილი წყლის ავზის გაუმართაობას კატეგორიულად უარყოფს და გიორგი მოსიაშვილს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.
„თელავის სასმელი წყლის რეზერვუარის გაუმართაობას არ ვადასტურებ. ავზი დაბინძურებული არ არის და 24 საათიანი მონიტორინგი ხორციელდება, რომ მოსახლეობამ სუფთა წყალი მიიღოს. ეს ყველაფერი დეზინფორმაციაა. გარედან რომ შეხედავ და მოძველებულია, იმას არ ნიშნავს, რომ მდგომარეობა საგანგაშოა" - განაცხადა ფარნა მაყაშვილმა.
მისივე თქმით, თელავში სასმელი წყლის ხარისხის გასაუმჯობესებლად სამუშაოები უკვე დაიწყო.
„მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით თელავში სასმელი წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია გუშინ დაიწყო. დაგეგმილია სალექარის, ფილტრის და გამრეცხი ნაგებობების მშენებლობაც. ეს სამუშაოები 2012 წელს დასრულდება და მოსახლეობა აბსოლუტურად სუფთა, ევროპული სტანდარტების შესაბამის წყალს მიიღებს," - განაცხადა მაყაშვილმა.