ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა ორ უსახლკარო ოჯახს საცხოვრებელი სახლი შეუძინა. გურიის გუბერნატორი ვალერიან ჩიტაიშვილი მუნიციპალიტეტის გამგებელთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, 6 ივლისს ამ ოჯახებს ახალმოსახლეობას მიულოცავს.
გურიის გუბერნატორის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შექმნილია უსახლკარო-შეჭირვებულ ოჯახთა ერთიანი ბაზა. მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტში მათზე დახმარების პროგრამით გათვალისწინებულია 50 ათასი ლარი. გამგეობამ პროგრამის განხორციელება უკვე დაიწყო.
პროგრამის ფარგლებში პირველ ეტაპზე მთისპირში მცხოვრებ, მეწყერით დაზარალებულ შუშანა შავაძის თოთხმეტსულიან ოჯახს შეუძინა საცხოვრებელი სახლი ამავე სოფელში. ასევე, სოფელ შრომაში მცხოვრებ ვლადიმერ საინიშვილის ექვსსულიანი ოჯახისათვის, რომელსაც სახლი ხანძრის შედეგად დაეწვა და მიწურში ცხოვრობდა, საცხოვრებელი სახლი შეიძინა სოფელ გურიანთაში.
დასახმარებელი ოჯახების შერჩევა რამდენიმე კრიტერიუმით მოხდა, პრიორიტეტი სოციალურად დაუცველ, მრავალსულიან და ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის უქონელ ოჯახებს მიენიჭა.
მუნიციპალიტეტის გამგეობაში აღნიშნული პროგრამა გრძელდება და წლის ბოლომდე კიდევ რამდენიმე უსახლკარო ოჯახის დაკმაყოფილება ეტაპობრივად მოხდება.