ნიკორწმინდის ტაძარში ახალი ფრესკები გამოვლინდა. ნიკოლოზ ვაჩეიშვილი უკვე რაჭაშია და თავად შეაფაასებს ნიკორწმინდის ტაძარში მიმდინარე სარეაბილიტაციო პროექტის მნიშვნელობას.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის ერთობლივი დაფინანსებით ნიკორწმინდის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასკვნით ეტაპზე დღემდე უცნობი ფრესკები გამოვლინდა. ექსპერტების ცნობით მხატვრობა XVI საუკუნით თარიღდება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ახლად აღმოჩენილი მხატვრობის კონსერვაციას მიმდინარე წელს დაგეგმილ სამუშაოებთან ერთად, გადაუდებლად განხორციელებს.
ნიკორწმინდის ტაძარის სრული რეაბილიტაცია, რამდენიმეწლიანი სამუშაოების შემდეგ წელს დასრულდება. პროექტის პირველ ეტაპზე ძეგლის არქიტექტურის გამაგრებისა და ძეგლის გადახურვის შემდეგ, ამჯერად კედლის მხატვრობის რესტავრატორები ნიკორწმინდის განადგურებული ფრესკების კონსერვაციის ურთულეს პროექტს ახორციელებენ.
კედლის მხატვრობის კონსერვაციის პარალელურად მიმდინარეობს ტაძრის წყლის გადამყვანი სისტემებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობა.
რესტავრაციის სფეროში უმაღლესი საერთაშორისო ჯილდოს - პრემია ნოსტრას მფლობელი რესტავრატორი გურამ ჭეიშვილი სამხატვრო აკადემიის რესტავრაციისა და ხელოვნების ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტებს უკვე მეორე წელია, რაც ნიკორწმინდის პროექტის ფარგლებში ხელმძღვანელობს.
ექსპედიცია ამ ეტაპზე ტაძრის დასავლეთ მკლავის, გუმათსა და საკურთხეველში არსებული ფრესკების გადარჩენაზე მუშაობს. პროექტი აგვისტოს ბოლოს დასრულდება, როდესაც სრულად გამაგრდება და გაჯანსაღდება ნიკორწმინდის გამორჩეული და განუმეორებელი კედლის მხატვრობა.